ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

დატოვებს თუ არა “რესპუბლიკური პარტია” კოალიციას?

დავით ზურაბიშვილი: “ჩვენ საბოლოო  გადაწყვეტილებას გამოვაცხადებთ პარტიის ყრილობაზე”

“შეუძლებელია ყველა ცდებოდეს, ევროპა, ამერიკა შენივე კოალიციის წევრი პარტია, არასამთავრობო სექტორი..” – ასეთი პასუხი გასცა “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზურაბიშვილმა “მეტრონომს” “რუსთავი 2”-ის ირგვლივ საერთაშორისო გამოხმაურებასთან დაკავშირებულ შეკითხვას. ამ და სხვა თემებზე „მეტრონომი“ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერ დავით ზურაბიშვილს ესაუბრა.

„მეტრონომი“: „რესპუბლიკური პარტია ემიჯნება ამ პროცესებს“ – ასეთი განცხადება გააკეთა დავით ბერძენიშვილმა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ  მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მოგვიანებით, გია ვოლსკიმ თქვა, რომ ბერძენიშვილი „გაერკვა სიტუაციაში“ და შეიცვალა პოზიცია.  საბოლოოდ, როგორია თქვენი პაარტიის პოზიცია  ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე და შეიცვალა თუ არა ბერძენიშვილმა და პარტიამ აზრი?

დავით ზურაბიშვილი: „ჩვენ პოზიცია არ შეგვიცლია, ჩვენ ამ გადაწყვეტილების მიმართ  უარყოფითი დამოკიდებულება საკმაოდ  მკაფიოდ გამოვხატეთ. არა მარტო პოლიტიკურმა მდივანმა, არამედ პარლამენტის თავმჯდომარემ. ბატონი ვოლსკის შენიშვნა ეხებოდა ერთ დეტალს. ლაპარაკი იყო ღამით მიღებულ გადაწყვეტილებაზე, შემდეგ ამბობდნენ 6 საათზე იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილებაო, თუმცა ეს ამ გადაწყვეტილების შინაარს არ ცვლის. ამიტომ ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა.

– თქვენთვის და თქვენი პარტიისთვის კონკრეტულად რა იყო მიუღებელი მოსამართლის  ამ გადაწყვეტილებაში?

– „აქ საუბარი  იყო შინაარსში ჩარევაზე, ანუ როგორ უნდა გააშუქოს მოვლენები მედიასაშუალებამ, რაც სასამართლოს გადასაწყვეტი არ არის.  შემდეგ იყო ლაპარაკი გარკვეულ მომენტზე, რაც იუსტიციის მინისტრმაც აღიარა, ანუ დროებით მმართველად დაინიშნა პირი, რომელიც ნამდვილად არ იყო ნეიტრალური, არამედ იყო დაინტერესებული პირი ერთ-ერთი ყოფილი მფლობელი, რომელსაც ქიბარ ხალვაშმა ნახევარი წილი დაუთმო. ამავე დროს, არსებობდა საკონსტიტუციო სასამართლოს  გადაწყვეტილება, ჩვენ შეიძლება არ დავეთანხმოთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მაგრამ საკონსტიტუციოს ეს გადაწყვეტილება არსებობდა, რომელმაც აღსრულება შეაჩერა. ამ გადაწყვეტილებით გამოვიდა, რომ აღსრულება სულაც არ იყო შეჩერებული. ამას მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების, ამერიკის  ადმინისტრაციის და ევროკავშირის მხრიდან უარყოფითად შეფასება ამ გადაწყვეტილების. ზოგადად, სასამართლო დამოუკიდებლობისთვის ურთმელიძის გადაწტვეტილება სერიოზული  გამოწვევა იყო.

–  „რუსთავი 2“- ის  მხარდამჭერები შიმშილობენ ტელეკომპანიის ეზოში, როგორია თქვენი და ხელისუფლების პოზიცია?

– „მათი უფლებაა შეუძლიათ იშიმშილონ და პროტესტი გამოხატონ, მაგრამ ჯერ სამართლებრივი პროცესი არ დამთავრებულა და უნდა ვადევნოთ თვალი სამართლებრივი პროცესები როგორ განვითარდება.“

– საერთაშორისო გამოხმაურება „რუსთავი 2“-ის პროცესზე საკმაოდ კრიტიკულია, Freedom House -მა “დემოკრატიის უკუსვლად“ შეაფასა მოსამართლის  გადაწყვეტილება. ხელისუფლების დამოკიდებულება საერთაშორისო შეფასებებზე ცნობილია, თქვენი აზრიც ხელისუფლების შეფასებეს ემთხვევა?

– „ეს ხელისუფლება არის კოალიციური და გარკვეულ საკითხებზე არსებობს სხვადასხვა აზრი, თუმცა ვფიქრობ, შეჯერება უნდა ხდებოდეს. ეს საკითხი ეხება სახელმწიფოს  ინტერსებს. შეუძლებელია ყველა ცდებოდეს, ევროპა, ამერიკა შენივე კოალიციის წევრი პარტია, არასამთავრობო სექტორი. ამიტომ ვფიქრობ საჭიროა სერიოული დაფიქრება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა. მე ეს უარყოფითი გამოხმაურებები არ მიკვირს. ჩვენი ახლანდელი ამოცანა უნდა იყოს, რომ ქვეყნის იმიჯს ჩრდილი არ მიადგეს.

–  2016 წლის საპარლამეტრო არჩევნებისთვის ხომ არ აპირებს „რესპუბლიკური პარტია“  სტრატეგიის შეცვლას. შეიძლება ახლა ნაადრევია ამაზე საუბარი, თუმცა კოალიციიდან გამოსვლას ხო არ გეგმავთ, როგორია თქვენი გეგმები 2016 წლისთვის?

– „ჩვენ საბოლოო  გადაწყვეტილებას გამოვაცხადებთ პარტიის ყრილობაზე, რომელიც იმართება 6 დეკემბერს.  ჩვენი პრიორიტეტი ამ ეტაპზე კოალიციაში უკეთესობისკენ სიტუაციის შეცვლაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კოალიციაში სერიოზული ცვლილებებია საჭირო. ცვლილებებში ვგულისხმობ, გარკვეული ვარდებულებების აღებას, გარკვეულ საკითხებზე უფრო მკვეთრად აზრის ჩამყალიბებას. შეუძლებელია, ქვეყნის განვითარება თუ მუდმივად იქნება ხელისუფლების მხრიდან ლაპარაკი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლაზე. არ შეიძლება ამ რეჟიმში ვიმყოფებოდეთ მუდმივად. ეს სერიოზულად გვაზარალებს. ეს კოალიცია შეიქმნა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ,  ახლა სხვა ამოცანების წინაშე დავდექით. ამ ამოცანების წინაშე შეიძლება კოალიციის ეს შემადგენლობა იდეალური არ იყოს.

–  და ბოლოს მინდა გკითხოთ, რამდენად სწორად მიგაჩნიათ მოსამართლე ურთმელიძის დაბარება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე?

– „იუსტიციის საბჭოს აქვს უფლება მოიწვიოს მოსამართლე და ახსნა-განმარტება მოსთხოვოს გარკვეულ საქმეზე.  მაგისთვის არის სწორედ შექმნილი. მგონი ასეთი პროცედურა არსებობს და ამაში რაიმე სახის დარღვევას ვერ ვხედავ“.

 

იტვირთბა....