„ყალბი ფეისბუქგვერდი, რომლის საშუალებითაც ადამიანებს შეიძლება თანხა მოჰპარონ, ისევ აქტიურია“, -ამის შესახებ „ბათუმელებს“ განუცხადა მოქალაემ, რომელსაც ფეისბუქში დასპონსორებული გვერდიდან თავისი საპენსიო დანაზოგის ოდენობის გაგება შესთავაზეს, რისთვისაც საბანკო ბარათის პირადი ნომრის შეყვანა სთხოვეს.
როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, ყალბი ფეისბუქგვერდის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპენსიო სააგენტომ ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში მიმართა, თუმცა ყალბი ფეისბუქგვერდი ისევ აქტიურია.
აქვე, საპენსიო სააგენტოში განმარტავენ, რომ მათთვის უცნობია, რა გაირკვა გამოძიების შედეგად და უცნობია თაღლითური სქემაც.
„ჩვენ მოგვმართეს არაერთხელ დაზარალებულმა მოქალაქეებმა და დაუყონებლივ მივაწოდეთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს. ჩვენთვის უცნობია, რა სახის ზარალი მიიღეს ამ ადამიანებმა… “ – უთხრეს “ბათუმელებს“ საპენსიო სააგენტოს პრესცენტრში.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყება აცხადებს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლის შესაბამისად ინტენსიურად გრძელდება, თუმცა ამ დრომდე დაკავებული არავინაა, ყალბი ფეისბუქგვერდები კი, პერიოდულად აქტიურდება.