ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თსუ სწავლას ჰიბრიდული ფორმატით განაახლებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 19 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი ჰიბრიდული ფორმატით გაგრძელდება, – ამის შესახებ თსუ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

სასწავლო დაწესებულების ცნობით, თეორიული კურსები განხორციელდება დისტანციურ რეჟიმში, ლაბორატორიული/პრაქტიკული კურსები კი ჩატარდება არადისტანციურ, სააუდიტორიო ფორმატში უსაფრთხოების ყველა რეგულაციის გათვალისწინებით.

„საჭიროების შემთხვევაში, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია პრაქტიკული კომპონენტი გაცილებით უსაფრთხო პერიოდში დაიგეგმოს.პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების ცხრილი და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია სტუდენტებს ეცნობებათ დამატებით.

უნივერსიტეტი ითვალისწინებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს.

გადაწყვეტილება მიღებულია ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის მთავარი გარემოებაა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის დიდი საჯარო დაწესებულება, სადაც 22 ათასი სტუდენტი სწავლობს და 5000-მდე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი მუშაობს. მხოლოდ მიმდინარე სემესტრში იკითხება 2813 სასწავლო კურსი“. – აცხადებენ უნივერსიტეტში.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის აუდიტორიებში გაგრძელების თარიღი, 19 ოქტომბერი, არ შეიცვლება.
მისივე თქმით, უმაღლეს სასწავლებლებს ეძლევათ რეკომენდაცია, იქ სადაც შესაძლებელია, იყოს დისტანციური სწავლება, მაგრამ იქ სადაც ეს შესაძლებელი არ არის, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარონ აუდიტორიებში.

იტვირთბა....