ახალი ამბები ბანკები ეკონომიკა მთავარი სამართალი

სკანდალი ეროვნულ ბანკში – კობა გვენეტაძის უწყებამ საბროკერო კომპანიას 5-მილიონიანი ზარალი მიაყენა

კობა გვენეტაძის ეროვნულმა ბანკმა საბროკერო და აქტივების მმართველ კომპანიას მხოლოდ 1 თვეში 178 ათასი დოლარი და 5 მილიონი ლარი დააკარგვინა. როგორც  კომპანია „ველსის“ ხელმძღვანელმა, დიმიტრი სუკიასოვმა  „2020NEWS“-ს ექსკლუზიურად განუცხადა, კომპანია ეროვნული ბანკის ზეწოლის მსხვერპლია.

მისივე თქმით, კომპანიას ეროვნულმა ბანკმა შეზღუდვები 2020 წლის 14 თებერვლიდან დაუწესა.

„კომპანია „ველსი“ დავაში ვართ ეროვნულ ბანკთან მას შემდეგ, რაც 14 თებერვლიდან დაგვიწესეს ახალი შეზღუდვები – კლიენტების მოძიებისა და საერთაშორისო ბირჟაზე ვაჭრობის მიმართულებით.

მათგან მივიღეთ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სადაც მოცემული იყო, რომ ეროვნულმა ბანკმა დაგვიწესა გარკვეული ტიპის შეზღუდვები, რაც ეწინააღმდეგებოდა მომხმარებლის ინტერესებსა და აზიანებდა ბიზნესს.

შეფერხების, გახშირებული და უსაფუძვლო შემოწმების გამო, კომპანიასა და ჩვენს კლიენტებს მიადგათ 178 000 აშშ დოლარისა და დაახლოებით – 5 000 000 მილიონი ლარის ზარალი“, – განაცხადა „ველსის“ ხელმძღვანელმა სააგენტოსთან საუბრისას.

მისი თქმით, ამ ეტაპზე დავა კომპანიასა და ეროვნულ ბანკს შორის სასამართლოში მიმდინარეობს, თუმცა, კოვიდ-19-გან გამოწვეული პანდემიის გამო, სასამართლო სხდომა გადაიდო. ამასობაში კი, კომპანია შეფერხებული საქმიანობის გამო,  ყოველდღიურად ათი ათასობით ლარის მოგებას კარგავს.

„იმისთვის, რომ დავადასტუროთ ჩვენი სიმართლე და ეროვნულმა ბანკმა აგვინაზღაუროს მათი ხელოვნური ჩარევებით მიღებული ზარალი, ჩვენ სასამართლო დავას ვაწარმოებთ მათ წინააღმდეგ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, სასამართლო პროცესები გადაიდო, მაგრამ ამ ეტაპზე ისევ განახლდა. ეროვნული ბანკი ცდილობს, ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს იმისთვის, რომ მოიძიონ რაიმე ტიპის ისეთი ინფორმაცია, რაც სასამართლო პროცესებს ან გადადებს, ან გამართლებულებს გამოიყვანს მათ“, – ამბობს სუკიასოვი.

ცნობისთვის, ბიზნესმენი დიმიტრი სუკიასოვი 16 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს, “2020NEWS”-ის პრესკლუბში ეროვნული ბანკის მიერ კომპანიაზე განხორციელებული ზეწოლის მძიმე ფაქტებზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს და ეროვნული ბანკის მხრიდან კომპანიის საქმიანობაში ხელოვნური ჩარევის ფაქტებზე დეტალურად  ისაუბრებს.

ხატია მამულია

 

იტვირთბა....