გენერალურ პროკურატურაში დავით გარეჯის საქმეზე დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილარიონი გამოკითხეს. როგორც მან საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რაც იცოდა, იმ საკითხზე ისაუბრა.
როგორც არქიმანდიტრმა აღნიშნა, გამოძიების მიმდინარეობასა და დაკავებულ პირებზე ვერაფერს იტყვის. მისი თქმით, ბრალდებულ ნატალია ილიჩოვას არ იცნობდა, ივერი მელაშვილს კი რამდენჯერმე შეხვედრია, როდესაც ის კომისიის წევრის სტატუსით, დავით გარეჯში ჩადიოდა.
„2004 წლიდან დღემდე იქ ვმსახურობ და რაც მე ამ საქმის შესახებ ამ წლების განმავლობაში მომისმენია, იმაზე ვისაუბრე. რა თქმა უნდა, 2006-2007 წლებში საზღვრები სწორად არ იყო შეთანხმებული, რადგან ძველი მონასტრები ჩვენს მხარეს არ იყო დაფიქსირებული. ვისაუბრე იმაზე, როგორ ხდებოდა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ ჩვენი მონასტრების ნელ-ნელა დაკავება. ეს ქმედებები დაიწყო 2005 წლიდან და 2019 წლამდე გრძელდებოდა” – განაცხადა არქიმანდრიტმა ილარიონმა.
რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებაზე სასულიერო პირების აზრთა სხვადასხვაობას და მედიაში გაკეთებულ განცხადებებს, არქიმანდრიტი ილარიონი აცხადებს, რომ ისურვებდა ასეთი საკითხები ტელევიზიით არ წყდებოდეს.
„სინოდის მოწვევა თუ იქნება საჭირო, ამას გადაწყვეტს უწმინდესი და გადაწყვეტენ მღვდელმთავრები. გამოძიებაში პოლიტიკური სარჩული მე მგონი გამორიცხულია. საკითხი უნდა მოგვარდეს” – განაცხადა დავით გარეჯის წინამძღვარმა.
ცნობისათვის, დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ 7 ოქტომბერს დააკავა. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. უწყების ცნობით, დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.