ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი ჩვენი სტატიები

საიდან მოდის დავით ხიდაშელის რუკა: “ეფესბეს” კვალი ე.წ. “კარტოგრაფიის საქმეში”

ხმაურიან ე.წ. კარტოგრაფიის საქმეში, რომლის გამოც დაკავებულები არიან ექსპერტები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, ფიგურირებს რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის დავით ხიდაშელის გვარი. როგორც ირკვევა, მისი უშუალო ჩარევით მოხდა 1936-1938 წლებში გამოცემული საქართველოს რუკის მოძიება, რომლის გამოც დაიწყო აღნიშნული გამოძიება.

ვინ არის დავით ხიდაშელი და რა საქმიანობას ეწევა ის რუსეთში? რა კავშირია მასსა და რუსეთის უშიშროების სამსახურს შორის და ვინ არიან ის ადამიანები, რომლებთანაც შეხება ჰქონია და აქვს მას რუსეთში? “მეტრონომი” შეეცადა ინფორმაციის მოძიებას.

როგორც ირკვევა, დავით ხიდაშელი ყურადღების ცენტრში 2020 წლის დასაწყისში, კორონავირუსის ე.წ. პირველი ტალღის პერიოდში მოექცა, როდესაც 1.2 მილიონი ლარი შეწირა სტოპ-კოვიდის ფონდს.

საინტერესოა მისი ბიზნეს-ისტორია. ხიდაშელი ბერძნული სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიის, INTRACOM S.A. TELECOM SOLUTIONS-ის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტია, რომლის აქციების 51%-ს ჩეხეთში დაფუძნებული კომპანიის მეშვეობით რუსული საფინანსო-ანალიტიკური ჯგუფი “სისტემა” ფლობს.

მივყვეთ ქრონოლოგიურად: “სისტემის” მთავარი აქციონერი არის ვლადიმერ ევტუშენკოვი, რომელიც აქციების 59, 2 პროცენტის მფლობელია. “სისტემის” პრეზიდენტია ვინმე ანდრეი დუბოვსკოვი. რომელიც თავის დროზე რუსული სატელეკომუნიკაციო კომპანია “ემტეესის” ხელმძღვანელი იყო. აღსანიშნავია, რომ Brand Finance-ს მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით კომპანია “ემტეესი” ერთ-ერთ უმსხვილეს ბრენდად ითვლება რუსეთში.

რუსული საფინანსო-ანალიტიკური ჯგუფ “სისტემის” დირექტორთა საბჭო შედგება 12 წევრისგან. დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობს ფელიქს ევტუშენკოვი. მისი მოადგილეა ანდრეი დუბოვსკოვი. 2012 წლიდან “სისტემის” დორექტორთა საბჭოს წევრია ასევე კიდევ ერთი ქართული წარმოშობის  ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი. 2020 წელს  “სისტემის” მმართველობის სტრუქტურა შეიცვალა და მმართველთა საბჭოს დამოუკიდებელ წევრად რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი ანატოლი ჩუბაისი მოევლინა. აღსანიშნავია, რომ აქვე ფიგურირებს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ კოჩარიანის გვარიც.

რუსული საფინანსო-ანალიტიკური ჯგუფ “სისტემის” მონაწილეობით შეიქმნა რუსეთის სატელეკომუნიკაციო ინდუსტრია, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რუსული კოსმოსური ტექნოლოგიებისა და სატელიტური სისტემების, მიკროელექტრონიკის განვითარებაში. კომპანია ასევე ახორციელებს სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტებს სამედიცინო სფეროშიც.

“სისტემა” აკონტროლებს ისეთ სფეროებს როგორებიცაა: რუსული სატელეკომუნიკაციო კომპანია “ემტეესი”, SEGEZHA GROUP – კომპანია, რომელიც აკონტროლებს ხის ჭრის ბიზნესს 13 ქვეყანაში, 7 მაღაზიისგან შემდგარი ქსელი “ბავშვთა სამყარო”, “მედსი” – სამედიცინო დაწესებულებების ქსელი, კომპანია “ერტიაი” – თავდაცვისა და მიკროელექტრონული გადაწყვეტილებების სფეროში უდიდესი ჰოლდინგი, მაღალტექნოლოგიური კვლევითი და წარმოების კომპანიების ინტეგრატორი, “აგროჰოლდინგი სტეპი”, უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია “ბინოფარმი”, ასევე “ემტიეს-ბანკი”, სასტუმროთა ბიზნესის ქსელი “კოსმოს გრუპი”. ასევე მნიშვნელოვანია, რომ “სისტემის” კონტროლის ქვეშაა უმსხვილესი ორგანიზაცია “კრონშტადტ ჯგუფი”, რომელიც სპეციალიზებულია უპილოტო საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების, კარტოგრაფიული და სანავიგაციო გადაწყვეტილებების, საზღვაო, საავიაციო და სხვა აღჭურვილობის ტრენაჟორების, გემების აღჭურვილობისა და სხვა პროდუქტების განვითარებასა და წარმოებაში.

შთამბეჭდავ ჩამონათვალს მივყავართ რუსეთის უშიშროების სამსახურისკენ, რომლის უშუალო კონტროლის ქვეშ იმყოფება აღნიშნული რუსული საფინანსო-ანალიტიკური ჯგუფ “სისტემა”. ის, რომ ეს კომპანია პირდაპირ არის დაკავშირებული რუსულ სპეცსამსახურებთან უკვე გაჟღერდა მედიაში. უფრო მეტიც, რუსული საფინანსო-ანალიტიკური ჯგუფი “სისტემა” თავდაპირველად შექმნილი იყო კიდეც რუსეთის ფედერალური უშიშროების ბაზაზე, უშუალოდ მისი პატრონაჟის ქვეშ.

ასე რომ, რუკა, რომელიც მოხვდა საქართველოში პირდაპირ უკავშირდება იმ კომპანიის ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს, რომელმაც გამოაგზავნა ის თბილისში.

არის თუ არა პირდაპირი კავშირი რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურსა და გამოგზავნილ რუკას შორის? იკვეთება თუ არა პირდაპირ რუსული ინტერესები დღეს საქართველოში დაწყებულ გამოძიებასთან, რომელიც უკავშირდება “დავით გარეჯას”?

ამ კითხვებით ჩვენ მივმართეთ ანალიტიკოსს სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაიას, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის უშიშოების სამსახურსა და გამოგზავნილ რუკებს შორის პირდაპირი კავშირი არ იკვეთება, თანაც, როგორც მან თქვა ეფ-ეს-ბე „უძლეველი არ არის.“

„კრემლში არის რამდენიმე „კლანი,“ – იგი არ არის ერთპიროვნული, იქაა 5-6 მთავარი „კლანი.“ შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ეფ-ეს-ბეს“ თავისი „კლანი“ ჰყავს, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ სისტემას ვერ გააკონტროლებს, რადგან მას ჰყავს საკმაოდ სერიოზული კურატორი, ოლიგარქი.

„ეფ-ეს-ბე“ უძლეველი არ არის, – მას ჰყავს თავისი შიდა არაფორმალური მაკონტროლებელი. ის რომ, ამ სიტუაციას „ეფ-ეს-ბე“ აკონტროლებს, ასე არაა. „ეფ-ეს-ბეს“ „კლანი“ არის სულ სხვა დაჯგუფებაში“ – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „მეტრონომთან.“

თინათინ კოპლატაძე 

“მეტრონომი”

 

 

 

 

იტვირთბა....