ახალი ამბები მთავარი

“თავისუფალი დემოკრატები”  “რესპუბლიკელებს”  შეხვედრას სთავაზობენ

საპარლამენტო ფრაქციის „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა პარლამენტის თავმჯდომარეს და “რესპუბლიკური პარტიის” ფრაქციას მიმართვა გაუგზავნეს და შეხვედრა შესთავაზეს, რომ არსებული ვითარებიდან გამოსავალი ერთად იპოვნონ.

“ჩვენ, ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრებს მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური ბრძოლა იმდენად არის ღირებული, რამდენადაც ეს არის ბრძოლა ღირებულებებისა და პრინციპებისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ პოლიტიკოსები ან პოლიტიკური პარტიები თავს არიდებენ მათ მიერვე აღიარებული და დეკლარირებული დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების დასაცავად ბრძოლას, ასეთი პოლიტიკოსები აღარ ემსახურებიან ქართველი ხალხის მისწრაფებას, იცხოვროს განვითარებულ, სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში.

ვიმედოვნებთ, ,,რესპუბლიკური პარტია”, რომელთანაც ჩვენ ყოველთვის გვაკავშირებდა დასავლური, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს ღირებულებები, კვლავაც მათი ერთგული რჩება დღეს, როცა ქვეყნის ხელისუფლება “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების საუკეთესო ტრადიციებში აგრძელებს დამორჩილებული მოსამართლის ხელით, კონსტიტუციისა და სამართლის გათელვას, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და უსამართლობის დაკანონებას.

მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე მივმართავთ ,,რესპუბლიკური პარტიის” საპარლამენტო ფრაქციას და ვთავაზობთ შეხვედრას, რათა ერთად ვიპოვოთ არსებული ვითარებიდან გამოსვლის და სიტუაციის განმუხტვის სამართლებლივი გზები”, – ნათქვამია „თავისუფალი დემოკრატების“ მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“ -ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას უფლებამოსილება შეუჩერდა. ტელეკომპანიის დროებით მმართველებათ კი რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ. მოსამართლის ეს განჩინება საჯარო რეესტრს ქიბარ ხალვაშის ადვოკატებმა წარუდგინეს და მისი დაჩქარებული წესით რეგისტრაცია მოითხოვეს. ამავე განჩინების მეთორმეტე პუნქტის მიხედვით, ურთმელიძის ზემოთ ნახსენები განჩინება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.

იტვირთბა....