ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა კვალს ტოვებს კორონავირუსი ორგანიზმში – თენგიზ ცერცვაძის განმარტება

ცალკეული კვლევების თანახმად, კორონავირუსი პაციენტის ორგანიზმში გარკვეულ ნეგატიურ შედეგებს ტოვებს – ამის შესახებ, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ “მაესტროს” ეთერში განაცხადა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, როდესაც ავადმყოფი გამოჯანმრთელდება, გაეწერება, ვირუსი აღარ აქვს, მაგრამ სიმპტომები უგრძელდება

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, კორონავირუსის დამარცხების შემდეგ, ადამიანის ორგანიზმში მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცალკეული კვლევების თანახმად, ვირუსი პაციენტის ორგანიზმში გარკვეულ ნეგატიურ შედეგებს ტოვებს.

„არის ვარაუდი, რომ განკურნების შემდეგ, კორონავირუსი ორგანიზმში გრძელვადიან უკუშედეგებს ტოვებს. ახლახან გაჟღერდა ტერმინი „ლონგ კოვიდი“, ანუ გახანგრძლივებული კოვიდი, როდესაც ავადმყოფი გამოჯანმრთელდება, გაეწერება, ვირუსი აღარ აქვს, მაგრამ სიმპტომები უგრძელდება. განსაკუთრებით – ხველა, თავის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, სახსრების, კუნთების ტკივილი, დიარეა. ეს, შეიძლება, გაგრძელდეს დღეები, კვირები, თვეები. ამას ჰქვია გახანგრძლივებული კოვიდი. საბედნიეროდ, ჩვენთან, საქართველოში ასეთი შემთხვევები არ არის ან იმდენად ცოტაა, რომ ისინი არ მოდიან ჩვენთან. არის მეორე ვარიანტიც: როცა ჩივილები აღარ აქვს, მაგრამ საკონტროლო გამოკვლევაზე თუ მოვიდა 3 თვის, 6 თვის, ერთი წლის შემდეგ, მაგალითად, კომპიუტერული ტომოგრაფიით, ჩანს გარკვეული ცვლილებები ფილტვებში. მაგალითად, ფიბროზული ცვლილებები რჩება ან იყოს დარჩენილი გულის კუნთის დაზიანება, ან – თავის ტვინში. ცალკეული კვლევებით ამბობენ, რომ ეს ასე ხდება და კოვიდი, ხშირ შემთხვევაში, მთლად უკვალოდ არ გადის და რაღაც კვალს ტოვებს. ეს ასეა თუ არა, ჯერ არავინ იცის, რადგან ასეთი კვლევები ძალიან ცოტა იყო. ამიტომ არ ღირს ამ საკითხზე ისეთი განცხადებების გაკეთება, რამაც, შეიძლება, გამოიწვიოს გარკვეული შეშფოთება. ჯერჯერობით, მაინც ითვლება, რომ კოვიდგადატანილი პაციენტი ჯანმრთელია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

იტვირთბა....