ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბექა ფერაძე: შევამოწმეთ პროფესიული სასწავლებლები და უნივერსიტეტებიც

შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, როგორც სკოლამდელი, ისე საბავშვო ბაღების შემოწმება დასრულებულია.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, შრომის ინსპექციამ დადებითი დასკვნა 1500-მდე ბაღის მუშაობის დაწყებაზე გასცა.

მისივე თქმით, შემოწმებულია პროფესიული სასწავლებლები, უნივერსიტეტებიც და მათი მზაობა მაქსიმალურია.

„როგორც იცით, სააღმზრდელო პროცესი დღეს განახლდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შრომის ინსპექცია სხვადასხვა საზედამხედველო უწყებებთან ერთად ამოწმებდა ბაღებს. დღეის მდგომარეობით, შემოწმებულია 1500-მდე ბაღი და მათ მიმართ გაცემულია დადებითი დასკვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეფერხების გარეშე, დღეს უკვე ყველა ამ სააღმზრდელო დაწესებულებამ განაახლა პროცესი. იყო რიგი შემთხვევები, სადაც დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტის ან სარემონტო სამუშაოების გამო ერთეულ შემთხვევებში არ მოხდა დღეს სწავლის განახლება, თუმცა უახლოეს დღეებში დაგეგმილია, რომ ეს პროცესი სრულად აღდგება. ყველა სხვა შემთხვევაში სააღმზრდელო პროცესი არის განახლებული.

ამით ფაქტობრივად დავასრულეთ როგორც სკოლამდელი, ასევე საბავშვო ბაღების შემოწმება. ასევე შემოწმებულია პროფესიული სასწავლებლები, უნივერსიტეტები და ფაქტობრივად მზაობა ასეთი დაწესებულებების მხრიდან მაქსიმალურად არის. ინსპექტირების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება და ჯამში, დღეის მდგომარეობით სხვადასხვა საზედამხედველო უწყების მიერ შემოწმებულია 130 ათასამდე კომპანია“,- განაცხადა ბექა ფერაძემ.

იტვირთბა....