ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი დავით გარეჯის საკითხს ჟურნალისტებთან საუბრისას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუკის გამო არსად დადგება.
როგორც მეუფე აღნიშნავს, ვრცელდება ინფორმაციები, რომ ხელისუფლება და ეკლესია რაღაცაზე შეთანხმდნენ, რაზეც დასძინა, რომ ის რუკის გამო არსად დადგომას არ აპირებს.
“ოღონდ ეკლესიას აგინონ, დღეს იმას იძახიან, რომ ეკლესია და სახელმწიფო თითქოს რაღაცაზე შევთანხმდით და იმის გამო, რომ რუკა იპოვეს, იმაში მხარი უნდა დავუჭიროთ. ეს არის მხოლოდ რუკა, მადლობა ღმერთს, რომ გამოჩნდა, მაგრამ ეგ ის თემა არ არის – გარეჯს რომ ვინმე აბრუნებდეს იმის მხარეს დავდგებოდი, აფხაზეთს რომ გვიბრუნებდნენ, დავგდებოდი მის მხარეს, მაგრამ მე თუ დღეს რაღაც აზრი მაქვს, რუკის გამო არსად არ დავდგები, მაგრამ სასიხარულოა, რუკა რომ არის, ალბათ, ორივე მხარემ უნდა მიიღოს ის, რომ ამ რუკით იხელმძღვანელონ“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.
ცნობისთვის, 7 ტომიან საქმეში ერთ-ერთი მთავარი ჩვენება სწორედ არქიმანდრიტ კირიონს ეკუთვნის. ოქროს მოწმის გამოკითხვიდან ირკვევა, რომ დავით გარეჯელი მღვდელმსახური მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული საზღვრის დამდგენი კომისიის საქმიანობით დაინტერესებისკენ ხელისუფლებას 2014 წლიდან მოუწოდებდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყებენ სახელმწიფო ძალოვანი სტრუქტურები, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად დავით-გარეჯის საქმეზე მუშაობას. რამდენიმე წელში, მტკიცებულებებისა და საქმეში არსებული მასალების შესწავლის შემდეგ კი, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვს საქალაქო სასამართლომ 8 ოქტომბერს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულების უფლებადამცველი, ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოა და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
შეგახსენბთ, რომ აღნიშნულ პირებს გამოძიება უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედევება.