ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მამა კირიონი გულწრფელი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა რასაც ის ჰყვება ემოციური მხარეა” – მეუფე გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მამა კირიონი გულწრფელი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ რასაც ის ჰყვება ემოციური მხარეა.

,,მე არ ვიცი მამა კირიონს რა მოტივები აქვს, რა საფუძვლები აქვს. მე ყურადღებით ვუსმინე და გულწრფელი კაცის შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ მისი ეს საუბარი და ის ამბავი, რასაც ჰყვება ეს არის უფრო ემოციური მხარე და თუ ადამიანები მხოლოდ აი, ამ ბრალდებით უნდა იქნენ პასუხისმგებაში მიცემული და სხვა მტკიცებულებები არ არსებობს , მე ძალიან გული დამწყდება“, – ამბობს მეუფე გრიგოლი.

ცნობისთვის, 7 ტომიან საქმეში ერთ-ერთი მთავარი ჩვენება სწორედ არქიმანდრიტ კირიონს ეკუთვნის. ოქროს მოწმის გამოკითხვიდან ირკვევა, რომ დავით გარეჯელი მღვდელმსახური მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული საზღვრის დამდგენი კომისიის საქმიანობით დაინტერესებისკენ ხელისუფლებას 2014 წლიდან მოუწოდებდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყებენ სახელმწიფო ძალოვანი სტრუქტურები, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად დავით-გარეჯის საქმეზე მუშაობას. რამდენიმე წელში, მტკიცებულებებისა და საქმეში არსებული მასალების შესწავლის შემდეგ კი, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვს საქალაქო სასამართლომ 8 ოქტომბერს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულების უფლებადამცველი, ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოა და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

შეგახსენბთ, რომ აღნიშნულ პირებს გამოძიება უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედევება.

იტვირთბა....