შეწყდეს კარტოგრაფების საქმე! – ამ მოთხოვნით დღეს 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან აქციას მოძრაობა “სირცხვილია და რუსეთი ოკუპანტია” გამართავს.
აღნიშნული აქცია საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსის, ივერი მელაშვილისა და წევრის, ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერად იმართება.
ცნობისთვის, ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვს საქალაქო სასამართლომ 8 ოქტომბერს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულების უფლებადამცველი, ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოა და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
შეგახსენბთ, რომ აღნიშნულ პირებს გამოძიება უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედევება.
ასევე, პროკურატურის განმარტებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
ამასთან, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ინფორმაციისთვის, დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ 1938 წლის რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.