“ის (ივერი მელაშვილი) ყველა ხრიკს და ყველა ღონეს ხმარობდა ჩვენს და კერძოდ, პირადად ჩემს დასაბნევად. მასთან პირადი შეხვედრებისას მანახებდა სხვადასხვა წლის რუკებს, რომელიც მოგვიანებით გავიგე, რომ არავითარ შემხებლობაში არ იყო გარეჯის საკითხის იურიდიულ ჩარჩოსთან და ამ მანიპულაციებით ცდილობდა ქართული საზოგადოების, ეკლესია-მონასტრებისა და ჩემს დაბნევას.
ამის შესახებ დავით გარეჯის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა კირიონმა ჩვენებაში დაწერა.
აღნიშნულ ჩვენებას “მთავარი არხი” ავრცელებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ: არქიმანდრიტი კირიონის ვრცელი კომენტარი დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.