“არასწორ დოკუმენტებს მოეწერა ხელი, რომლითაც კინაღამ დაიკარგა საქართველოს ტერიტორიის ერთი ნაწილი და ეს დაუშვა მაშინდელმა ხელმძღვანელობამ. გამოდის რომ მაშინდელი (2006-2007 წლები) ხელმძღვანელობა იყო აბსოლუტურად არაკომპეტენტური ან კიდევ უარესი, ეს იყო შეგნებული ქმედება საქართველოს წინააღმდეგ. ასევე არ არის გამორიცხული გარკვეული დავალება არსებობდა.”
მამუკა არეშიძე – ექსპერტი
ამის შესახებ არეშიძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.