19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეში, ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებულთა გადაწყვეტილებით, ნაფიცი მსაჯულები შემოდიან.
„მეტრონომი“ ამ საკითხზე ოჯახის პოზიციისა და სხვა დეტალების შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძას, მირიან ნიკოლაძე ესაუბრა.
მეტრონომი: ბატონო მირიან, რა ეტაპზეა სასამართლო და ხომ არ შეცვლილა ოჯახის პოზიცია?
მირიან ნიკოლაძე: როგორც ვიცი, საქმის არსებითი განხილვის პირველ სტადიაზე არიან, ოჯახის პოზიცია უცვლელია – მშობლები, ცალსახად, ამბობენ, რომ სჯერათ იმ ვითარების, რაც სახეზეა, 5 პირია ბრალდებული და დედაც და მამაც თვლიან, რომ გიორგის მკვლელობაში ხუთივე დამნაშავეა. ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა. რაც შეეხება იმას, ეპისტოლარული ჟანრი რომ გაუშვეს და წერილებს წერენ, პირიქით, გაღიზიანების მეტს არაფერს იწვევს მშობლებში. დედის პოზიციაა ესაა – როგორ უნდა დავიჯერო მე იმ ადამიანების უდანაშაულობა, მკვლელობის ნაწილში, რომლებიც ბავშვის გინებით და მუქარით გაეკიდნენ და იმდენი ადამიანობა არ შერჩათ, ეს მაინც აღიარონო. გაკიდებასა და აგრესიასაც კი მალავენ და ჩვენ გვიმტკიცებენ, რომ მკვლელობა არ ჩაუდენიათო, რა ტრიუკებიც უნდა ატარონ, ამ მხრივ არაფერი იცვლება.
– ხომ არ არის დაემატა საქმეს დამატებითი მტკიცებულება, მკვლელობის ნაწილში?
– ოჯახი თვლის, რომ ის მტკიცებულებები, რაც საქმეშია, საკმარისზე მეტია გამამტყუნებელი განაჩენისთვის, რაც შეეხება იმ ნაწილს, რომელიც გაუთქმელობის ხელწერილით არის, ჩემთვის უცნობია, ახალი თუ არის იქ რამე და ალბათ იქნება, სასამართლო პროცესზე გამოიკვლევენ და შეისწავლიან. მანამდე რაც იყო ცნობილი, ისინი საკმარისია და ვნახოთ, უნდა დაველოდოთ მართლმსაჯულების აღსრულებას.
– გურამ ამირხანაშვილი ერთ-ერთ ჩვენებაში ამბობს, რომ არჩილ გაგნიძემ ჰკითხა : „როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?“, ეს შეიძლება იყოს მტკიცებულება, რომელიც მკვლელობის ნაწილში განაჩენს განსაზღვრავდა?
– რა თქმა უდნა, მოწმის ჩვენებაა, რომლიც მოწმდება მისი დამაჯერებლობითა და ადეკვატურობით, სხვა მტკიცებულებებთან მიმართებაში. ჩვენი კანონით, თუ არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას, ისე ის მაღალი სტანდარტი არ იქმნება, რომელიც უნდა იყოს. ჩვენ ვფიქრობთ, არის ორიც, ხუთიც და მეტიც და ის მაღალი სტანდარტი დაკმაყოფილებულია, რაც გამამტყუნებელ განაჩენს უნდა დაედოს საფუძვლად.
– რას ფიქრობთ ერთ-ერთ ეპიზოდში ნაფიცი მსაჯულების შემოსვლაზე, საით წაიყვანს ეს განაჩენს?
– ვფიქრობთ, ეს დროის გაწელვის გარდა, სხვა არაფერს ემსახურება. მოგეხსენებათ, მსაჯულების მიერ საქმის განხილვა ძალიან სპეციფიკური წარმოებაა, მაგრამ მსაჯულების მიერ განხილული საქმეები მაინცდამაინც ბრალდებულთა სასარგებლოდ არ წყდება. ოფიციალური სტატისტიკა არ ვიცი, მაგრამ, პირიქით, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კოლეგებთან საუბრით და ერთმანეთში აზრების გაცვლით, ასეთ საქმეებზე გამოდის გამამტყუნებელი განაჩენები, მგონია, რომ მოცემულ შემთხვევაზეც იგივე მოხდება. ეს ტაქტიკური სვლაა მათთვის და არა იმედებზე გათვლილი, ვნახოთ რა მოხდება.
ინფორმაციისთვის, ადვოკატების ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებულებმა – ნიკოლოზ რევაზიშვილმა და არჩილ გაგნიძემ გადაწყვიტეს, რომ მათი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.
რევაზიშვილის ადვოკატი, შოთა კახიძე ამბობს, რომ თუ აქამდე საზოგადოებას ინფორმაციას მედია აწვიდიდა, ახლა უკვე მათ შესაძლებლობა ექნებათ, თავად განახორციელონ მართლმსაჯულება.
უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვისქვეშმყოფი უნდობლობას უცხადებს სასამართლოს და ეს არის საქმე, სადაც პროკურატურა ცდილობს, საზოგადოებას ცრუ მოწმე შეასაღოს მსხვერპლად, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ნაწილში.
„ნიკა რევაზიშვილი უნდობლობას უცხადებს მორჩილ სასამართლო სისტემას და გვსურს საქმე საზოგადოების წარმომადგენლებმა განიხილონ. პროკურატურა ცდილობს საზოგადოებას შეასაღოს ცრუ მოწმე გური ამირხანაშვილი მსხვერპლად”, – განაცხადა კახიძემ.
თამთა ქარქაშაძე