საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ლალიაშვილმა დაარღვია ქარტიის მეორე პრინციპი, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ.
როგორც ქარტიაში აცხადებენ, ლალიაშვილის წინააღმდეგ მათ ანა ცხოვრებოვამ, ნინო კვინტრაძემ, მარიამ მჭედლიშვილმა, გიგა ბენიამ და ნუცა შუბაშვილმა მიმართეს.
განმცხადებლები მიუთითებდნენ, რომ ისინი იყვნენ ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემა “ბიზნესის სიახლეების” ჟურნალისტები და მათ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკოლოზ ლალიაშვილი, რამაც, საბოლოო ჯამში, ჟურნალისტები აიძულა, რომ დაეტოვებინათ ტელეკომპანია. განმცხადებლების აზრით, დაირღვა ქარტიის მე-2 პრინციპი.
„2019 წლის 28 თებერვალს გადაცემა ბოლოჯერ გავიდა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში. გადაცემის ბოლოს წამყვანმა, ანა ცხოვრებოვამ ისაუბრა გადაცემის დახურვისა და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის შესახებ. იმავე საღამოს “მაესტროს” გენერალურმა პროდუსერმა, ვარლამ ავალიანმა გადაცემა “ბიზნესის სიახლების” თანამშრომლებს, ანა ცხოვრებოვას თანადასწრებით უთხრა, რომ ნიუსრუმში მათი ადგილები სჭირდებოდა სხვა თანამშრომლებისთვის და ორშაბათიდან უნდა “დაეცალათ ოთახი”. ავალიანი გაღიზიანებული იყო იმით, რომ წამყვანმა ეთერში თქვა გადაცემის დახურვის მიზეზი. არხის გენერალურ პროდუსერსა და რედაქციის თანამშრომლებს შორის შემდგომაც იყო შეურაცხმყოფელი კომუნიკაცია, რადგან, მისი თქმით, ბოლო ეთერის შემდეგ, გადაცემის დახურვაზე პასუხს ყველა მას სთხოვდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება მას არ მიუღია“.- ნათქვამია ქარტიის ანგარიშში.
ჟურნალისტებმა მათ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის დასადასტურებლად, წარადგინეს აუდიო ჩანაწერები, რომლებიც ასახავს ნიკოლოზ ლალიაშვილთან საუბარს 2019 წლის 24 დეკემბერს [აუდიო N 1] და 2020 წლის 25 თებერვალს [აუდიო N 2 და N 3]. საბჭო გაეცნო აღნიშნულ ჩანაწერებს.
საუბრიების აუდიოჩანაწერს Mediachecker-ი ავრცელებს:
„განცხადების თანახმად, ნიკა ლალიაშვილის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 1 მარტიდან, ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემა “ბიზნესი” დაიხურა, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ადგილი ჰქონდა გადაცემის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობას ნიკა ლალიაშვილის მხრიდან, იგი ასევე აძლევდა მითითებებს ჟურნალისტებს როგორ გაშუქებულიყო საკითხი ისე, რომ მმართველი გუნდის ინტერესი არ დაზარალებულიყო. როგორც განმცხადებელი განმარტავდა, „ბაგების საბაგირო კვლავ ექსპლუატიციის მოლოდინშია“ არის ერთ-ერთი მასალა, რომელიც წინ უძღოდა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას“, – აცხადებენ ქარტიაში.
საბჭოს წევრები არიან, გელა მთივლიშვილი, ზვიად ქორიძე, ლიკა ზაკაშვილი, ნინა ხელაძე, კამილა მამედოვა.