“პირველ რიგში, მინდა, ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ თუ ოდესმე, დღეს, ხვალ, ზეგ ან მომავალში, ნებისმიერი ადამიანი რამენაირად კავშირშია ქართული მიწის ერთი გოჯის სხვა ქვეყნისთვის გადაცემაშიც კი, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი უნდა დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით. მეორე, რა თქმა უნდა, ბრალდება მიწის გადაცემასთან დაკავშირებით არის უმძიმესი ბრალდება, პრაქტიკულად, სამშობლოს ღალატია და აქედან გამომდინარე, ამ ბრალდებას სჭირდება ძალიან გამჭვირვალე გამოძიება, სერიოზული მიდგომა და ყოველგვარი პოლიტიზების გარეშე განხილვა.”
ნინო ბურჯანაძე – “ერთიანი საქართველოს” ლიედრი
როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ამ პრობლემის მოგვარება, საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე, მთელი ამ წლების განმავლობაში ვერც ერთი ხელისუფლების მიერ ვერ მოხერხდა. “ჩემი პოზიცია არის, რომ დღეს „ქართული ოცნების“ ამ აქტიურობის უკან დგას არა ქვეყნის სიყვარული, არა დავით გარეჯის სიყვარული, არა, ასე ვთქვათ, ტერიტორიების დაცვის მცდელობა, არამედ პოლიტიკური პიარი. ვინაიდან რვა წლის განმავლობაში „ქართულ ოცნებას“ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ამ მიმართულებით”, – აღნიშნა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.