ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ჩვენი სტატიები

“რეალური საფრთხის წინაშე ვდგავართ, ეს ცუდი ნიშანია…”: მამუკა არეშიძე საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებაზე საუბრობს

სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება უკვე სხვა მასშტაბებს იძენს. ამის შესახებ საქართველოში ექსპერტები საუბრობენ. ყარაბაღის კონფლიქტი, რომელიც 27 სექტემბერს განახლდა, რეალურ საფრთხეს საქართველოსაც უქადის. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ 7  ოქტომბერს ყვარლის რაიონში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდნა, რაც, ექსპერტთა ნაწილის თქმით, ქვეყნისთვის საკმაოდ არასასიამოვო მოვლენაა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წამომადგენელმა არც ოვანესიანმა განაცხადა, რომ ირანისა და საქართველოს საზღვრები საფრთხის ქვეშაა. მისივე თქმით, კახეთში ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნა აზერბაიჯანული მხარის აგრესიულ ქმედებებს უკავშირდება. არც ოვანისიანის განცხადებით, ამ ეტაპისთვის დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა მოწინააღმდეგის აგრესიული ქმედებებიდან გამომდინარე გამორიცხული არაფერი არ არის.

სომხური მხარის ბრალდებებისა და კახეთში 2 საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ ოფიციალური კომენტარი ბაქოს ამ დრომდე არ გაუკეთებია.

როგორც ექსპერტი მამუკა არეშიძე “მეტრონომთან” აცხადებს, უპილოტო საფრენი აპარატი აზერბაიჯანს ეკუთვნის და მისი ჩამოვარდნა საქართველოს ტერიტორიაზე “ცუდი ნიშანია.” მისივე თქმით, კონფლიქტმა, ფაქტობრივად, საქართველოს ტერიტორიაზე გადმოინაცვლა და ხელისუფლებამ უსაფრთხოების ნორმები უნდა გაამკაცროს იმისათვის, რომ საკუთარინ ქვეყნის მოქალაქეები დაიცვას.

“რეალური საფრთხის წინაშე ვდგავართ. ეს იყო დრონი, რომელიც სპეციფიური საფრენი აპარატია. მასზე მიმაგრებულია საბრძოლო მუხტი, ვარდება კონკრეტულ ობიექტზე და ფეთქდება. ეს არის ძალიან ცუდი ნიშანი. ჩვენ არ ვიცით, როგორ მოხდა ამ სიშორეზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან ყვარლის რაიონში.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, მას მექანიზმი მოეშალა და არასწორი მარშრუტით დაფრინდა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე არის მოწყვლადი. ამ თვალსაზრისით ხიფათი არსებობს. არ მინდა დავუშვა, რომ ეს იყო ტესტირებისთვის ჩატარებული, როგორ იმუშავებს საქართველოს საჰაერო თავდაცვამ. ეს იყო შემთხვევითი, მაგრამ მაინც ცუდი ნიშანია. დღეს შემოფრინდა საფრენი აპარატი ჭურვისა და საბრძოლო მასალის გარეშე, მაგრამ  ხვალ რა მოხდება, კაცმა არ იცის.

ეს იყო აზერბაიჯანის საპრენი აპარატი, სომხეთს მსგავსი არ აქვს. ეს არის ისრაელის ლიცენზიით და მეშვეობით დამზადებული აპარატი, რომელსაც აზერბაიჯანი იყენებს. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საზღვართან მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები და რაღაც ფორმით, საქართველოს ტერიტორიაზე გადმოინაცვლა. დღეს საფრენი აპარატი ჩამოაგდო, ხვალ შეიძლება შემთხვევითი ჭუვრი ჩამოაგდოს.

თავდაცვა უნდა გაძლიერდეს; საქართველოს თავდაცვის სისტემები უნდა ამოქმედდეს. მართალია ძალიან რთულია დრონის დაფიქსირება ლოკატორებზე, რადგან მოცულობით ძალიან პატარაა, მაგრამ უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე იყოს დაცული” – განაცხადა მამუკა არეშიძემ “მეტრონომთან.”

თამარ შუკვანი

იტვირთბა....