ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, თუ საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლებს სესხების რესტრუქტურიზაციის სურვილი ექნებათ, ბანკები მზად არიან, სესხები კვლავ გადაავადონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, სესხების გადავადება თითოეული კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით მოხდება.
„გუშინ მე და ჩემი კოლეგები საბანკო სექტორის წარმომადგენლებსა და მაღალი რანგის მენეჯმენტს შევხვდით. ვესაუბრეთ შესაძლებლობაზე, რომ კვლავ მოხდეს ტურიზმის სექტორისთვის სესხების რესტრუქტურიზაცია. მოხარული ვარ, რომ ბანკებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რა თქმა უნდა, თითოეული კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით.
მთლიანობაში არის მზადყოფნა იმის, რომ თუკი მას მიმართავენ მცირე, საშუალო ზომის საოჯახო სასტუმრობები, ზომას არ აქვს მნიშვნელობა, ბანკები მზად არიან, რომ კვლავ განიხილონ სესხების რესტრუქტურიზაცია“, – განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, სექტემერში სესხების საყოველთაო გადავადების მეორე ეტაპი დასრულდა. შეღავათების მესამე ეტაპი არ იგეგმება, თუმცა ბანკები მზადყოფნას გამოთქვამენ, ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე მომხმარებელს შეთავათები დაუწესონ.