“მობრძანდით და დამატოვებინეთ შენობა იძულებით” – გვარამია პოზიციებს არ თმობს
ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის გარშემო სიტუაცია კვლავ დაიძაბა – მიზეზი მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინება გახდა, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას და აგრეთვე კახა დამენიას სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ და “რუსთავი 2”-ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ. ექსპერტები და იურისტები მიიჩნევენ, რომ საქმე გვაქვს უპრეცენდენტო შემთხვევასთან. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტით, რომლის მიხედვითაც შეჩერდა აღსრულების პროცესი, მოსამართლე ურთმელიძის მიერ გამოტანილი განაჩენით ყველაფერი თავდაყირა დადგა. პირველ რიგში, საინტერესო და უცნაურია განჩინების შინაარსი, რომელიც აშკარად კონკრეტული ტელეკომპანიის საქმანობის მიმართულებებს განიხილავს და საზღვრავს. ჩნდება კითხვები, რომელსაც კვალიფიციური პასუხები სჭირდება. და მაინც, რა ხდება და რა მოხდება საქართველოში?
განჩინების მიხედვით, რომელიც გუშინ გვიან ღამით გავრცელდა სოციალურ ქსელ ფეისბუქში, მოსამართლე საუბრობს საფრთხეზე, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მხრიდან შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მხოლოდ სასამართლო დავის გარშემო საკითხების გაშუქებას.
„არსებობს საფრთხე, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2″-ის თანამშრომელთა კონცენტრაცია და საქმიანობის მიმართულება ძირითადად გადატანილი იქნეს მხოლოდ და მხოლოდ არსებული დავის გარშემო საკითხების გაშუქებაზე. ეს არა მხოლოდ უარყოფითად აისახება საწარმოს რეიტინგზე და მის ფინანსურ საკითხებზე, არამედ შექმნის სერიოზულ საფრთხეს, რომ მედიამ დაკარგოს თავისი ძირითადი როლი და დანიშულება – იდგეს საზოგადოებრივი ინტერესის სადარაჯოზე”, – წერია ურთმელიძის განჩინებაში.
როგორც იქნა გამოჩნდა და განცხადება გააკეთა ასევე “რუსთავი 2”-ის კიევში მყოფმა, ერთ-ერთმა მფლობელმა, გია ყარამანიშვილმა.
„სასამართლო ყოველ ჯერზე აჭარბებდა მოლოდინებს, მე მაინც მინდა მივმართო მას და რჩევა მივცე. კარგად შეისწავლეთ იანუკოვიჩის დროინდელი მოსამართლეების ბედი, მათი ისტორია. სად არიან ისინი დღეს და მე გპირდებით, რომ მომავალში მთელს ჩემს რესურსს დავხარჯავ იმისთვის, რომ თქვენ გაიზიაროთ ის ბედი რომელიც თავად აირჩიეთ. მე ამ განცხადებას, როგორც რუსთავი 2-ის მფლობელი კი არ ვაკეთებ, არამედ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე. დღეს ასე ვიწროდ არ დგას საკითხი. დღეს მთელი ქვეყანაა დასაცავი. დღეს არის ქვეყანაში მცდელობა, რომ დაამყარონ დიქტატურა. მე მინდა მოვუწოდო ყველას დაიცავით ქვეყნის მომავალი“. – განაცხადა გია ყარამანაშვილმა.
განცხადებები გააკეთეს ოპოზიციური პარტიების არასამთავრობოების წარმომადგენლებმაც – ისინი ერთსულოვნად თანხმდებიან, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე ამ განჩინების გამოტანით კანონის ფარგლებიდან გავიდა და კონსტიტუცია დაარღვია:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი აფასებს ტელეკომპანია რუსთავი 2-ში დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებას და ამბობს, რომ მისი ერთადერთი მიზანი იყო “რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა.
“შეუძლებელია ამ განჩინებას ვინმე დაეთანხმოს, ვისაც შეხება აქვს სამართალთან, იმიტომ, რომ ამ განჩინებაში არ არის არანაირი დასაბუთება მასში მოცემული გადაწყვეტილებების, ეს არის სრულიად დაუსაბუთებელი განჩინება, რომელშიც არც ერთ მტკიცებულებაზე საუბარი არ არის, არის აბსოლუტურად, თეორიული მსჯელობა და მოსამართლე ამ თეორიულ მსჯელობას არაფრით არ ამყარებს. მაგალითისთვის რომ ვთქვათ, ეს განჩინება ნიშნავს დროებით მმართველს რუსთავი 2-ში, ძალიან ფართო უფლებამოსილებით, რაც ცალკე განხილვის თემაა და ცალკე პრობლემური საკითხია, მაგრამ იმისათვის, რომ ეს დროებითი მმართველის დანიშვნა გაამართლოს, ის იყენებს სამოქალაქო კანონმდებლობიდან ერთ-ერთ ნორმას, მაგრამ ამავე დროს არანაირად არ ასაბუთებს და არ განმარტავს, ეს დროებითი მმართველი რა პრინციპებით რეგულირდება. ის აშშ-ს სასამართლო გადაწყვეტილებებს იშველიებს ამ ინსტიტუტის გასამარტავად, მაგრამ ერთი სიტყვაც არ არის ნახსენები, ქართულ კანონმდებლობაში რა კანონი, რა ნორმა არეგულირებს ამ დროებითი მმართველის საქმიანობას. არის ეს გაკოტრების შესახებ კანონი თუ რამე სხვა კანონი, ამაზე საერთოდ არ საუბრობს მოსამართლე, რაც თავის მხრივ ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს“. – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი.
„განჩინებას, რა თქმა უნდა, გავეცანი. თუკი აქამდე კიდევ შეიძლებოდა ყოფილიყო რაიმე ტიპის ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს ქმედებები შესაძლებელია მხარეთა უფლებების დაცვას ემსახურებოდა, ამ შემთხვევაში უკვე ძალიან ღია და აშკარაა ის, რომ მოსამართლე უშუალოდ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს ტელეკომპანიასთან მიმართებაში. მოსამართლეს ამბობს, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ტელეკომპანია აშუქებდეს მოვლენებს ობიექტურად და სამართლიანადო, თუმცა მას არანაირი მტკიცებულება არ მოჰყავს და არც მსჯელობს იმაზე, თუ რატომ ფიქრობს ის, რომ დღევანდელი სარედაქციო პოლიტიკა უსამართლოა“. – ასეთი განცხადება გააკეთა “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ.
„დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ჯამახირიის კანონებით. მას შემდეგ რაც გამოვიდა გადაწყვეტილება, განვაცხადე რომ იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება გამოეტანა თამაზ ურთმელიძეს, უნდა გაეუქმებინა მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები – სამოქალაქო კოდექსი, მეწარმეთა კანონი, საჯარო რეესტრი და მთელი რიგი ნორმებისა. ეს მოსამართლე ურთმელიძემ გააკეთა. დღეს ჩვენ ვხედავთ უკვე შემდეგ ნაბიჯს – მოსამართლე ურთმელიძემ გამოიგონა ახალი კანონები და ვცხოვრობთ ჯამახირიის კანონებით. ის, რაც გააკეთა თამაზ ურთმელიძემ, არ ემყარება არც ერთ მოქმედ კანონს” – საკმაოდ ემოციური იყო “რუსთავი 2”-ის იურისტი ზაზა ბიბილაშვილი, რომელმაც მოსამართლე ურთმელიძეს დიდი ხნით ციხეში ჩაჯდომაც კი უწინასწარმეტყველა.
იმავე ღამეს „კურიერმა“ საგანგებო რეჟიმში დაიწყო მუშაობა, ტელეკომპანიის შენობასთან კი ოპოზიციური პარტიების არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოქალაქეები შეკრიბნენ. გუშინ ღამით, “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობამ ბრიფინგი მოაწყო, რომელზეც ამ განჩინებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებები გაკეთდა:
„გადაწყვეტილება არის სრულიად უკანონო, სრულიად დაუსაბუთებელი და ეს არის სახელმწიფო გადატრიალების საფუძველი. სახელმწიფო გადატრიალებას ჩვენ კი არ ვაწყობთ “რუსთავი 2″-ის შენობაში ან ეზოში, არამედ სახელმწიფო გადატრიალებას აწყობს ხელისუფლება. სახელმწიფო გადატრიალება არის არა მხოლოდ ხელისუფლების დამხობა , არამედ ხელისუფლების მითვისების ნებისმიერი აქტი. ამ გადაწყვერტილებით ბიძინა ივანიშვილი და მისი კრიმინალი და დამნაშავე მთავრობა, ითვისებენ ხელისუფლებას, რომელსაც დაკარგავენ აუცილებლად 2016 წელს იმ ვითარებაში, როდესაც მედია არის პლურალისტური. ეს გადაწყვეტილება არის კრიმინალური აქტი, რომელშიც ჩართულია ხელისუფლების ყველა შტო – პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო. მოსამართლე ურთმელიძემ მოახერხა ის, რომ სრულიად ტოქსიკური გახადა მთელი სასამართლო კორპუსი. მან მოკლა და გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა მოუწყო საქართველოში დემოკრატიას, სიტყვის თავისუფლებას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. რაც შემეხება მე და ჩემს კოლექტივს, კოლექტივი თვითონ გააკეთებს განცხადებას. ვინც არ უნდა გადამაყენოს, მე ვიცავ აქ მყოფი ადამიანების უფლებას, იმუშაონ თავისუფლებად, კონსტიტუციის გარანტირებული უფლებების ფარგლებში. მე ამ შენობიდან არ გავალ, მობრძანდით და დამატოვებინეთ შენობა იძულებით”. – განაცხადა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის აწ უკვე ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.
“ვერ წარმოვიდგენდი, რომ დედის ნაჩუქარი ნაჯახით ადამიანი აიღებდა და მოცელავდა ყველაზე რეიტინგულ კომპანიას საქართველოში და მოცელავდა საქართველოს მომავალს. ჩვენ ვიმუშავებთ ბოლო წუთამდე, ბოლო საათამდე, ვიდრე ამის საშუალება გვექნება, რომ ვიყოთ ეთერში. ჩვენ კიდევ დიდხანს ვაპირებთ აქ მუშაობას”. – საკმაოდ ემოციური იყო “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი.
გუშინ ღამესვე, ამავე ბრიფინგზე განცხადება გააკეთა რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, გიორგი ლაფერაშვილმა. მან პირდაპირ ეთერში მიმართა რევაზ საყევარიშვილს და დავით დვალს, ეპასუხათ მის ზარებზე და პირდაპირ რუსთავი 2-ის ეთერით გაეკეთებინათ კომენტარი, რადგან, მისი თქმით, მრავალი მცდელობის მიუხედავად ვერც ერთს ვერ დაუკავშირდა.
განცხადებას აკეთებდნენ მთელი ღამის განმავლობაში “რუსთავი 2″-ის ეზოში შეკრებილი პოლიტიკოსებიც. განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის ლიდერები.
„ეს არ არის ურთმელიძის გადაწყვეტილება, ეს არის ივანიშვილის გადაწყვეტილება. ამ ნაბიჯით ივანიშვილმა გვითხრა, რომ გადის საკონსტიტუციო სივრციდან. ეს ძალიან სახიფათო ნაბიჯია. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ამას წინ აღვუდგეთ სამართლებრივი გზით და მშვიდობიანი პროტესტის გზით. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა გვაჩვენა, რომ ასე ფეხს დააბიჯებს კონსტიტუციას, მაინც უნდა იქნას ამოწურული ყველა სამართლებრივი გზა”. – განაცხადა ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
„მე იმედი მაქვს საზოგადოების იმ ნაწილსაც, რომელსაც შეიძლება არ მოსწონდეს “რუსთავი 2”, არ უყვარდეს ნიკა გვარამია, შეიძლება მაგინებდეს მე, მაგრამ ესმოდეს, რომ აქ ნიკა გვარამიას და ერთი არხის მომავალი კი არა, ჩვენი ქვეყნის მომავალი წყდება, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ. იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოება ფეხზე დადგება, იმედი მაქვს, რომ ყველა პატიოსანი მოსამართლე გაემიჯნება ამ სირცხვილს“. – ამბობს დავით ბაქრაძე.
სატელეფონო კომენტარი გააკეთეს ასევე უმრავლესობის წარმომადგენლებმაც:
“რუსთავი 2-ის ცხოვრებით ვერ ვიცხოვრებ”, – განაცხადა კურიერთან სატელეფონო საუბრისას ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ – წარმოდგენა არ მაქვს, რა გადაწყვეტილება მიიღო ურთმელიძემ და სად რა დაარეგისტრირა. მე რატომ უნდა ვიცოდე? არ ვიცი. რუსთავი 2-ის ცხოვრებით ვერ ვიცხოვრებ, ბოდიში. ჩვენ დღის წესრიგს რუსთავი 2-ით ვერ დავგეგმავ. ამ თემის გარდა სხვა მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს და თან ბევრი”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.