თავდაცვის სამინისტრომ ის ტოპოგრაფიული რუკები, რომელიც უწყებამ პროკურატურას მიაწოდა და რის საფუძველზეც დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები დააკავეს, რუსეთიდან მოიპოვა – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეწამყვანი გიორგი თარგამაძე ავრცელებს.
როგორც თარგამაძე აცხადებს, “ფორმულას” წყაროს ინფორმაციით, თავდაცვის უწყებას რუკები ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა მიაწოდა, რომელმაც ეს ინფორმაცია, თავის მხრივ, რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცრის, ოლეგ მუბარაშკინის დახმარებით მოიპოვა..
“სწორედ უცხოელ ბიზნესმენად მოხსენებული დავით ხიდაშელია ის პიროვნება, რომლის “მოქალაქეობრივი აქტიურობაც” ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამოძიების დაწყების საფუძვლად იქცა. ზემოთ ნახსენები კავშირები სერიოზულ ეჭვებს აღძრავს თავდაცვის სამინისტროს პირველი პირის რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობის შესახებ”. – თქვა გიორგი თარგამაძემ გადაცემაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.