ახალი ამბები კვლევები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება ჩვენი სტატიები

ექსპერტთა გამოკითხვა: ვინ შეიძლება მოიგოს საპარლამენტო არჩევნები?

“საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა” (GIP) ექსპერტთა რიგით მე-13 გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც 14 სექტემბრიდან 20 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. როგორც ჩაატარებული გამოკითხვიდან ირკვევა,  რომელშიც მონაწილეობას იღებდა 50 ქართველი და საერთაშორისო ექსპერტი, საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ სხვა პარტიებთან შედარებით,
მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს.

კითხვაზე, ვინ შეიძლება მოიგოს საპარლამენტო არჩევნები, რომელიც მიმდინარე წლის 31 ოქტომებრს უნდა გაიმართოს, “მოლოდინების დერეფანის” ფორმით, ხმები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ მთლიანი ხმების განაწილებით (39-53%) წინ უსწრებს სხვა პარტიებს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ ნაწილში. „ქართულმა ოცნებამ“ მოწინავე პოზიცია სხვა პარტიებთან შედარებით გაიმყარა. თუმცა, გაურკვეველია, რამდენად საკმარისი იქნება ეს უპირატესობა კოალიციის გარეშე მთავრობის ფორმირებისთვის.

ოპოზიციურ პარტიებს შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ) მიიღებს ამომრჩევლების ყველაზე მეტ ხმას 16-25% შორის. „ნაციონალურ მოძრაობას“ მოსდევს „ევროპული საქართველო“, რომელიც, სავარაუდოდ, ხმათა 6-12%-ს მოაგროვებს. „პატრიოტთა ალიანსი,“ სავარაუდოდ, მიღებს 3-8%-ს, ხოლო „ლელო“ – 3-6%-ს.

“მოლოდინების დერეფანის” გამოკითხვის შედეგები:

“ქართული ოცნება”- 39-53%; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 16-25%; “ევროპული საქართველო” – 6-11%; “პატრიოტთა ალიანსი” – 3-8%; “ლელო საქართველოსთვის” – 3-6%;

მცირე ზომის პარტიების შედეგები შემდეგნაირად ნაწილდება:

„გიორგი ვაშაძე – “სტრატეგია აღმაშენებელმა“, შესაძლოა, მიაღწიოს 5%-ს; „ლეიბორისტულმა პარტიამ“ – 4%-ს; „გირჩის“, ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეების“ და ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო –
დემოკრატიული მოძრაობის“ ყველაზე მაღალი შესაძლო მაჩვენებელი შეიძლება, იყოს 3%.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” მკვლევარი ბიძინა ლებანიძე “მეტრონომთან” განმარტავს, თუ რა მეთოდით ჩატარდა გამოკითხვა და რას ნიშნავს “მოლოდინების დერეფანის” ფორმატი. ბიძინა ლებანიძის თქმით, მსგავსი მეთოდი კვლევის ჩატარება უფრო მეტი სიზუსტით გამოირჩევა და აჩვენებს რეალურ შედეგს.

“ქართული ოცნება” აიღებს 39-დან 53 პროცენტამდე ხმებს. როგორც წესი, ასეთი მეთოდი მეტი სიზუსტით გამოირჩევა. იგი პასუხების უკეთ გაფილტვრის და აგრეგაციის საშუალებას იძლევა. თუ გადახედავთ წინა წლების მსგავს გამოკითხვებს, ნახავთ რომ, უმრავლეს შემთხვევაში ძალიან მცირე ცდომილება იყო “ექსპერტპოლის” გამოკითხვის შედეგებსა და არჩევნების რეალურ შედეგს შორის.

“ექსპერტპოლის” გამოკითხვებს უკვე 5 წელია რაც ატარებს “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი” სხვადასხვა თემებზე. გამოკითხვის ჩატარება ხდება სრულად ანონიმურად, გუგლის სტანდარტული კითხვარის საშუალებით. ჩვენ გვაქვს ქართული და უცხოელი ექსპერტების და მკვლევარების დაახლოებით 100 კაციანი სია, რომელიც მუდმივად ახლდება და რომლებთანაც პირადი კომუნიკაციის საფუძველზე ხდება კითხვარის გაგზავნა და მიღებული პასუხების აგრეგაცია” – განაცხადა ლებანიძემ.

როგორც “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” მკვლევარმა აღნიშნა, კვლევაში ძირითადი აქცენტი პროპორციულზეა, თუმცა, გამოკითხულ ექსპერტთა გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ მაჟორიტარულ ოლქებში საპარლამენტო არჩევნებს მმართველი გუნდი მოიგებს.

“რაოდენობრივ ნაწილში მხოლოდ პროპორციულ ნაწილზე გამოიკითხენ რესპონდენტები. თუმცა ხარისხობრივ ნაწილში, ასევე ბევრმა რესპონდენტმა გამოთქვა პროგნოზი მაჟორიტარული ნაწილის შესახებ – მათი უმრავლესობის აზრით მაჟორიტარული ოლქების დიდ ნაწილს “ქართული ოცნება” მოიგებს” – თქვა მან.

“მეტრონომის” კითხვაზე, შეუძლია თუ არა ექსპერტთა კონკრეტული გვარების დასახელება, აღნიშნა, რომ მათი დასახელება არ შეუძლია, რადგან გამოკითხვა ანონიმურად ჩატარდა.

“სამწუხაროდ, გვარებს ვერ გეტყვით, ექსპერტპოლის გამოკითხვები სრულიად ანონიმურია. შემიძლია გითხრათ რომ ესენი არიან ექსპერტები, მკვლევარები და პოლიტიკური მიმომხილველები რომლებიც წლების მანძილზე მუშაობენ საქართველოზე და კარგად იცნობენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ასევე ჩვენ როგორც წესი, ვარჩევთ მაქსიმალურად ნეიტრალურ, ობიექტურ რესპონდენტებს და ვცხრილავთ ყველას, ვინც ასოცირდება ან აქვს სიმპათია ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მიმართ” – განაცხადა ბიძინა ლებანიძემ “მეტრონომთან.”

თამარ შუკვანი

 

იტვირთბა....