ტელეკომპანია “იმედის” დილის გადაცემის წამყვანი ზურაბ ბალანჩივაძე, რომელსაც კორონავირუსი აქვს, აცხადებს, რომ კლინიკაში პაციენტების ნაკადი არ წყდება. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს:
“ჩემი მოსვლიდან კიდევ 12 შემოიყვანეს აქ. შემთხვევების რაოდენობა იმატებს და იმატებს. ჩაკეტვა კი ისევ არ იწყება. ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკვე ისევ გაამკაცრეს…
რომ ვუყურებ, როგორ წურწურით ჩამოსდით ოფლი თავიდან ბოლომდე შეფუთულ ექიმებს, ექთნებს, სანიტრებს და მაინც როგორ ინარჩუნებენ მხნეობას, ვხვდები, რომ ჩვენს შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მე გადამდები ვარ და ისინი – არა. რას უძლებენ, ვერ წარმოიდგენთ. ისედაც ხომ რამდენი საქმეა და კიდევ ამ ყველაფრის უჰაერობაში კეთება, ხომ საერთოდ.
იცით, რა მწყინს? რამდენჯერმე რომ ჩამრთეს პირდაპირ ეთერში, ხალხის ნაწილმა დააკომენტარა, რომ ჩემი ავადმყოფობის არ სჯერა და რომ ეს ფარსია ყველაფერი. ცალკე მეორე ნაწილს ხომ საერთოდ კორონას არსებობისა არ სჯერა და ჰგონია, რომ აქ წოლაში ფული გადამიხადეს. ძალიან მეფიქრება, რა შთამომავლობას გაზრდიან ასეთი ადამიანები, რას ასწავლიან, რაზე ეტყვიან, რომ კარგია ან ცუდი. მოკლედ, ეგეთებს და ფანატიკოსებს ისე მოერიდეთ, როგორც მე ახლა – ოღონდ რეალურ კონტაქტში” – წერს ბალანჩივაძე.