ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“თუ 10 ოქტომბრამდე არ მოგვცემს კონკრეტული შინაარსის შემცველ პასუხს…” – გვარამია განცხადებას ავრცელებს

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი  განცხადებას ავრცელებს; ნიკა გვარამია არხის იმ გადაწყვეტილებას განმარტავს, რომლის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური რეკლამა ეთერში არ განთავსდა. აქვე გეტყვით, რომ საუბარია კლიპებზე, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობს.

გვარამია მარეგულირებელს 10 ოქტომბრამდე აძლევს ვადას, წინააღმდეგ შემთხვევაში ორივე პარტიის საარჩევნო კლიპს განათავსებს ეთერში.

“მეტრონომი” გვარამიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ ტელეკომპანია „მთავარ არხს“ მომართეს საარჩევნო სუბიექტებმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ. მათ მოითხოვეს ჩვენს ეთერში პოლიტიკური რეკლამის  განთავსება. ორივე კლიპში მონაწილეობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ამჟამად ჩამორთმეული აქვს საქართველოს მოქალაქეობა და წარმოადგენს უკრაინის მოქალაქეს.

ნაციონალური მოძრაობის კლიპი არის ხელშემწყობი წინასაარჩევნო აგიტაცია (რეკლამა), ხოლო ევროპული საქართველოსი – ხელშემშლელი (ანტირეკლამა). კანონით კი, საარჩევნო რეკლამა გულისხმობს როგორც ხელშემწყობ, ისე ხელშემშლელ  რეკლამას და სრულიად ანალოგიურად განიხილავს ორივეს და, შესაბამისად, მათში უცხო ქვეყნის მონაწილეობის საკითხს.

ნორმატიული რეგულაციის ბუნდოვანების გამო, ჩვენ არ განვათავსეთ არც ერთი კლიპი და ამგვარად თავი დავიზღვიეთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ ნეგატიურად მიკერძოებული და არაერთი უკანონო გადაწყვეტილების გამომტანი მარეგულირებელი კომისიისთვის არ მიგვეცა მაღალი ჯარიმის გამოყენების შესაძლებლობა.

ორივე პარტიამ გააპროტესტა ეს ფაქტი. მათი არგუმენტები ჩვენთვის გასაგებია, რის გამოც წერილობით მივმართეთ კომისიას და ცესკოს (ქვემოთ იხ. ჩვენი წერილის ფოტო) და მოვითხოვეთ შესაბამისი ნორმების განმარტება.

გვიპასუხა ცესკომ – მიგვითითა კანონზე და გადაგვამისამართა მარეგულირებელ კომისიასთან. გვიპასუხა მარეგულირებელმა კომისიამაც.

ვინაიდან ორი კომპეტენტური ორგანოსგან ვერ მივიღეთ კონკრეტული შინაარსის შემცველი პასუხი, „მთავარი არხი“ კიდევ ერთხელ, ამჯერად საჯაროდ მიმართავს მარეგულირებელ კომისიას, რომ მოახდინოს სათანადო რეაგირება, აღასრულოს კანონით ექსკლუზიურად მისთვის მინიჭებული ნორმის განმარტების და ბუნდოვანების აღმოფხვრის უფლებამოსილება (რაც, იმავდროულად მისი ვალდებულებაცაა). ჩვენთვის არ წარმოადგენს არავითარ ინტერესს და ვერც სათანადო პასუხად ჩავთვლით მათ ბლანკეტური პასუხებს და შიდაპროცედურულ წარმოდგენებს საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით.

იმ შემთხვევაში, თუ მარეგულირებელი კომისია 10 ოქტომბრამდე არ მოგვცემს კონკრეტული შინაარსის შემცველ პასუხს, ტელეკომპანია „მთავარი არხი“ იმოქმედებს აღმატებული საჯარო ინტერესის შესაბამისად (მოსახლეობის მაქსიმალური წინასაარჩევნო ინფორმირება შემჭდროვებულ ვადებში),  სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ გადაწყვეტს აღნიშულ საკითხს და 10 ოქტომბრიდან ეთერში განათავსებს ორივე სახის კლიპს“ –  წერს ნიკა გვარამია.

იტვირთბა....