მიხეილ კალანდია, რომელიც დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობაშია მსჯავრდებული, საპატიმროდან წერილს აგზავნის, სდააც “ხორავას საქმეზე” საუბრობს. წერილს “ინტერპრესნიუსი” აქვეყნებს.
როგორც მიხეილ კალანდია წერილში წერს, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება, ამ ამბავში ყველა დამარცხებულია.
„პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ადრინდელიდან არაფერი არსებითად არ შეცვლილა, თავს ვგრძნობ მხნედ, რა თქმა უნდა, საბრძოლო განწყობით ვარ ისევ. ძირითადად, დაკავებული ვარ ჩემი თავის განვითარებით, როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად. ძირითადად ვვარჯიშობ, ვსწავლობ და ვკითხულობ. სწავლის საქმეებიც კარგად მიდის. პირველი კურსი დავხურე წარმატებით.
ბუნებრივია, ნაფიქრი ნამდვილად ბევრი მაქვს ამ ამბავზე. დასკვნებიც გამომაქვს და ვიცი, რომ ასაკთან ერთად უფრო მეტ დასკვნას გამოვიტან.
პირველ რიგში, აღვნიშნავ იმას, რომ რთულია ამ ამბით ცხოვრება და ავხსნი, რასაც ვგულისხმობ. არ ვიძახი, რომ ვინმეს სიკვდილში რამე წვლილი მიმიძღვის, მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება ამ ამბავში, თვითონ ფაქტი არის მომხდარი ძალიან მძიმე და ძალიან ცუდი შედეგია დამდგარი. ჩემთვის ამასთან ერთად ცხოვრება ძალიან რთულია და ვფიქრობ, რომ ასე იქნება ყველა ამ საქმის ფიგურანტისთვის. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება, ამ ამბავში ყველა დამარცხებულია“, – აცხადებს კალანდია.
კითხვაზე, ხომ არ არის ნაწყენი მის დეიდაშვილზე – სანდრო სუბელიანზე, რომლის დასახმარებლადაც ის 51-ე სკოლაში მივიდა, კალანდია აცხადებს, რომ მომხდარს არავის აბრალებს, მაგრამ კონფლიქტის მოსაგვარებლად სხვა გზას გამონახავდა.
„ნაწყენი არ ვარ არავისზე, მითუმეტეს ჩემს დეიდაშვილზე. ჩვენ ერთად ვართ გაზრდილები ძმებივით და იმის გაჭირვება, ჩემი გაჭირვებაცაა და პირიქით. ამიტომ მომხდარ ამბავს არ ვაბრალებ არავის, მითუმეტეს სანდროს…აუცილებლად გავყვებოდი, მაგრამ სხვანაირად, სხვა გზას ვიპოვიდი კონფლიქტის მოსაგვარებლად, მაგრამ დახმარებით აუცილებლად დავეხმარებოდი“, – აცხადებს კალანდია.
მისივე თქმით, თუკი, მის საქმეს უზენაესი სასამართლო განიხილავს, აღნიშნულ ინსტანციას განაჩენი წინასწარ ექნება დაწერილი, ამ შემთხვევაში კი ის სტრასბურგის სასამართლოს იმართავს.
„პირდაპირ ვიტყვი, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული სასამართლოს პირობებში არანაირი იმედი არ მაქვს, რომ ეროვნულ დონეზე ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ. წინასწარ ვიცი, რომ თუ უზენაესი სასამართლო ჩემს საქმეს განიხილავს, განიხილავს ზუსტად ისევე ფორმალურად, როგორც ეს ქნეს სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებმა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, თუ უზენაესი სასამართლო დაიწყებს ჩემი საქმის განხილვას, მათ წინასწარ დაწერილი განაჩენი ექნებათ, რის შემდეგაც აუცილებლად მივმართავ სტრასბურგს, სადაც, რა თქმა უნდა, შევძლებ ჩემი სიმართლის დამტკიცებას, ეს გარდაუვალია და ამხელა საქმეზე სამართლებრივად ასეთი დიდი მნიშვნელობის საქმეზე დარწმუნებული ვარ, რომ სტრასბურგის სასამართლო ძალიან კრიტიკული იქნება სახელმწიფოს მიმართ.
ბრალს არ ვაღიარებ და არც არასდროს ვაღიარებ. ციხის კედლები ვერ მაღიარებინებს იმას, რაც მე არ გამიკეთებია. ყველაფერს სტრასბურგის სასამართლო დაამტკიცებს“, – აცხადებს კალანდია.
შეგახსენებთ, რომ დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. განაჩენი დაცვის მხარემ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.