თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით,Covid-19-ის საწინააღმდეგო მონოკლონური ანტისხეულები უკვე შექმნილია.
ცერცვაძე ვარაუდობს, რომ აღნიშნული ანტისხეულები საქართველოსთვის ხელმისაწვდომი 2-3 კვირაში იქნება.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი განმარტავს, მონოკლონური ანტისხეული აბსოლუტური სიზუსტით ანადგურებს სამიზნეს.
„მონოკლონური ანტისხეულები ცნობილია, რომ სხვადასხვა დაავადებების დროს გამოიყენება. ეს არის ანტისხეული, რომელიც აბსოლუტური სიზუსტით ჯდება სამიზნეზე და ანადგურებს მას. მონოკლონური ანტისხეულები „კოვიდის“ საწინააღმდეგოდ უკვე შექმნილია და მისი დანიშნულებაა, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი გაანეიტრალოს. ამ მონოკლონური ანტისხეულების გამოცდა დაიწყო აშშ-ში და რამდენიმე წამყვან ქვეყანაში, ამ დარგის წამყვანი ლიდერის, ენტონი ფაუჩის პირდაპირი რეკომენდაციით, საქართველოს მიეცა რეკომენდაცია და საშუალება, რომ იყოს ამ მონოკლონური ანტისხეულების კლინიკური გამოცდის მონაწილე ქვეყნებს შორის. ახლა მიმდინარეობს ონლაინტრენინგები, როგორ გამოვიყენოთ ეს მონოკლონური ანტისხეულები, შემდეგ მოგვაწვდიან და ესეც 2-3 კვირაში, ვფიქრობ ხელმისაწვდომი იქნება. 2-3 კვირაში საქართველოში, დიდი ალბათობით, ხელმისაწვდომი იქნება დღეისთის არსებული ორი ყველაზე იმედისმომცემი საშუალება – „რემდესივირი“ და მონოკლონური ანტისხეულები. თუმცა, ჯერ მათი გარანტირებული ეფექტურობა დადასტურებული არ არის“, – განაცხადა ცერცვაძემ.