შეერთებული შტატების 50 უნივერსიტეტში მიმდინარე წლის აგვისტოდან დღემდე კორონავირუსის მაჩვენებელი თითქმის 70 ათასს შეადგენს. აქედან მხოლოდ სამი ადამიანია ჰისპიტალიზებული და აცერთი არ არის გარდაცვლილი. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდ-19 დაახლოებით 7.5 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა და აქედან გარდაცვლილთა რაოდენობა 209 000-ს გადააჭარბა. უნივერისტეტების უმეტესობა სწავლას აგრძელებს.
ცხრილში მოცემულია სხვადასხვა უნივერსიტეტებში დაინფიცირებული კონტიგენტი. აქ თვალნათლივ ჩანს, რომ უნივერსიტეტებში, საბედნიეროდ ლეტალური შედეგი არ არის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ახალგაზრდა თაობაში საფრთხე აშკარად ნაკლებია.
თუმცა, საქართველოში ეპიდემიოლოგები თვლიან, რომ ჩვეულ რეჟიმში სწავლის აღდგენამ შესაძლოა ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის მორიგი “აფეთქება” გამოიწვიოს და სწორედ ამიტომაა, რომ ახალი სასწავლო წელი უნივერსიტეტებსა და სკოლების გარკვეულ ნაწილში კვლავ დისტანციურად მიმდინარეობს.
ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ოქსფორდის, სტენფორდის და ჰარვარდის ავტორიტეტული ეპიდემიოლოგები მოუწოდებენ მთავრობებს “შეცვალონ მიდგომა!” ამის შესახებ ინფორმაციას https://unherd.com ავრცელებს.
“საბედნიეროდ, ვირუსის შესახებ ჩვენი ცოდნა იზრდება. ვიცით, რომ დაავადებისადმი ხანდაზმულები უფრო მოწყვლადები არიან, ვიდრე ახალგაზრდები. ბავშვებისთვის კორონავირუსი ნაკლებად საშიშია” – ამის შესახებ განცხადება ცნობილმა ეპიდემიოლოგებმა მასაჩუსეტში შეკრების დროს გააკეთეს.
საქართველოში, უნივერსიტეტები ჩვეულ რეჟიმს 19 ოქტომბერს დაუბრუნდებიან, ბავშვები ბაღებში 12 ოქტომბერს მივლენ. თუმცა, ინფექციონისტთა ნაწილი თვლის, რომ დღეს არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა მდგომარეობა გართულდეს და სწავლის აღდგენის თარიღმა კიდევ ერთხელ გადაიწიოს.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “მეტრონომთან” აცხადებს, რომ ახალგაზრდებში დაავადებას გართულბები არ ახლავს და სწორედ ამით აიხსნება აშშ-ის უნივერსიტეტების სტატისტიკა. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ინფიცირებულმა ახალგაზრდებმა შესაძლოა ხანდაზმული პირები დაანფიცირონ, რასაც ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება მოჰყვება.
“ახალგაზრდა პოპულაციაში ეს დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და არ იწვევს ლეტალურ შედეგს. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ახალგაზრდა ადამიანების დაინფიცირების შემდეგ, მათ შესაძლოა ეს დაავადება გადასდონ სახლში მყოფ ხანდაზმულ და ქრონიკულად დაავადებულ ადამიანებს. ამან კი ახალი შემთხვევების ზრდა გამოიწვიოს.
მე პირადად მომხრე ვარ, რომ ონლაინ სწავლება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს, მაგრამ ეს ყველაფერი რისკების შემცველია. ჯობს დავიცადოთ, რომ ცოტათი მაინც დასტაბილურდეს ვითარება და შემდეგ აღდეს. ონლაინ სწავლება თავისი არსით ვერ ანაცვლებს ჩვეულებრივ სწავლას.
ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი ეპიდსიტუაცია, თუმცა ბოლო სამი კვირააა სტატისტიკა აღმავალია. ახალი შემთხვევები ყოველდღიურად იმატებს, უკვე 600-ის ფარგლებში ვართ. თუ მივიღებთ დაახლოებით ერთკვირიან სტაბილიზაციას და ახალი შემთხვევები აღარ მოიმატებს, ან დაიწყებს კლებას, გვექნება განცდა, რომ სტაბილური ეპიდსიტუაცია გვაქვს და ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს სკოლების და უნივერსიტეტების გახსნა” – განაცხადა გოგინავამ
“მეტრონომის” კითხვაზე, შესაძლოა თუ არა სწავლის აღდგენის თარიღმა კიდევ ერთხელ გადაიწიოს, აღნიშნა:
“თუ სტაბილიზაცია მოხერხდა, არ უნდა გადაიწიოს და გაიხსნას უნივერსიტეტები. თუ უფრო მეტად იმატა, შესაძლებელია ეს საკითხი გადაიხედოს” – დასძინა ალექსანდრე გოგინავამ “მეტრონომთან.”
ექსპერტი განათლების საკითხებში ვატო სურგულაძე “მეტრონომთან” აღნიშნავს, რომ დისტანციური სწავლება არ იძლევა სათანადო ცოდნას და ხელისუფლებას სწავლის ჩვეულ რეჟიმში აღსადგენად დიდი ხნის წინ უნდა დაეწყო მზადება.
“სწავლა უნდა აღდგეს, მაგრამ ამას უნდა მომზადება. 14 აგვისტოს კი არ უნდა დაეწყოთ ამის მზადება, არამედ უფრო ადრე. ონალინ-სწავლება არის აბსოლუტურად უხარისხო, მიუღებელი. პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ, ამასთან პოლიტიკური ნება არ არსებობს. ვინ აიღებს პასუხისმგებლობას, – ტიკარაძე თუ ჩხენკელი? ეს იყო მოუმზადებლობის, რისკების არგათვლის შედეგი” – განაცხადა ვატო სურგულაძემ “მეტრონომთან.”
ცნობისათვის, დიდ ქალაქებში (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი) პირველი ოქტომბრიდან, მხოლოდ I-VI კლასელი ბავშვებისთვის, სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდა. ამ ოთხ დიდ ქალაქში, VII – XII კლასელები სწავლას ისევ ონლაინ რეჟიმში აგრძელებენ.
პირველიდან მე-6 კლასის მოსწავლეებს, რომელთა მშობლებმაც სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელება არჩიეს, ონლაინ კლასები დაკომპლექტდება. როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, სკოლებს ონლაინ კლასების დაკომპლექტების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს. ერთ-ერთი ვარიანტის თანახმად, შესაძლებელია I-VI კლასებში შეიქმნას ონლაინ სწავლების კლასი (კლასების მიხედვით), რომელშიც გაერთიანდებიან დისტანციური ფორმით სწავლების მსურველი მოსწავლეები.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 9245-მდე გაიზარდა. კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობით აჭარა კვლავ ლიდერობს და რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში 348 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
თამარ შუკვანი