ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები ბათილად ცნო, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კომისიის წევრმა გულნარა ჯურაბაევამ განაცხადა.
„ცესკო-მ 12 ხმით არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღო,“- წერს გულნარა ჯურაბაევა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში.“
ყირგიზეთში საპროტესტო აქციები 5 ოქტომბერს დაიწყო. დემონსტრანტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომლის შედეგადაც 7%-იანი ბარიერის გადალახვა 16 პარტიიდან მხოლოდ ოთხმა, პრეზიდენტ სოორონბაი ჯიინბეკოვთან დაახლოებულმა პარტიებმა შეძლეს.
გუშინ პოლიციამ აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშლის მიუხედავად, მოქალაქეები პროტესტის გამოსახატად ხელახლა შეიკრიბნენ. დემონსტრანტები პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. დღეს დილით კი აქციის მონაწილეებმა ქვეყნის მთავრობის შენობაც დაიკავეს.
პროტესტის შედეგად ადგილობრივი მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელი გადადგა. ყირგიზეთში 6,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ქვეყანა რუსეთთან არის დაახლოებული. ბოლო 15 წლის განმავლობაში ყირგიზეთის 2 პრეზიდენტი შეიცვალა რევოლუციით.