ყირგიზეთში საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების შედეგად კი 590 ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დემონტრანტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ხელმეორე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ხელისუფლება არჩევნების ხელახლა ჩატარებას არ გამორიცხავს.
ყირგიზეთში საპროტესტო აქციები 5 ოქტომბერს დაიწყო. დემონსტრანტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომლის შედეგადაც 7%-იანი ბარიერის გადალახვა 16 პარტიიდან მხოლოდ ოთხმა, პრეზიდენტ სოორონბაი ჯიინბეკოვთან დაახლოებულმა პარტიებმა შეძლეს.
გუშინ პოლიციამ აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშლის მიუხედავად, მოქალაქეები პროტესტის გამოსახატად ხელახლა შეიკრიბნენ. დემონსტრანტები პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ.
პროტესტის შედეგად ადგილობრივი მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელი გადადგა. ყირგიზეთში 6,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ქვეყანა რუსეთთან არის დაახლოებული. ბოლო 15 წლის განმავლობაში ყირგიზეთის 2 პრეზიდენტი შეიცვალა რევოლუციით.