ადგილი, სადაც სხვადასხვა წარსულის, გამოცდილების, პროფესიის მქონე ადამიანები ცხოვრობენ
(ფოტო)რეპორტაჟი უსახლკაროთა თავშესაფრიდან
2012 წლის დეკემბერში, თბილისში, მოსკოვის გამზირზე უსახლკაროთა დროებითი თავშესაფრის გახსნას წინ რამდენიმე უსახლკარო ადამიანის გარდაცვალება უძღოდა – ეს ადამიანები ღამით, ქუჩაში გაიყინნენ. ასე რომ, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ამ თავშესაფრისკენ გზა გვამებითაა მოფენილი. მაგრამ ესეც არ იქნებოდა საკმარისი, რამდენიმე მოხალისეს 9 აპრილის ბაღში, ქაშვეთის ეკლესიის უკან რომ არ დაედგა კარვები, ქუჩაში მცხოვრები ადამიანები ამ კარვებში არ ჩაესახლებინა და საჭმლითა და შეშით არ მოემარაგებინა. თუ სწორად მახსოვს, ეს კარვები ქაშვეთის უკან, დაახლოებით ერთი თვე, ან შეიძლება უფრო დიდხანსაც იდგა. ოცამდე უსახლკარო ადამიანი იქ ყოველგვარი ელემენტარული პირობების გარეშე ცხოვრობდა (ტუალეტის, შხაპის გარეშე). აი, მაშინ კი შეწუხდა ხელისუფლება და რამდენიმე სამთავრობო უწყების ორგანიზებით მოსკოვის გამზირზე დროებითი თავშესაფარი მოეწყო. ოღონდ, თბილისში მაშინ ჭერის გარეშე დარჩენილი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის შენობა ვერ გამოინახა და ისევ კარვები დადგეს – ახალი თავშესაფარი შორს არის ცენტრალური უბნიდან, ცენტრალური გამზირიდან – მოკლედ ქალაქის გულიდან შორსაა.
კარგი ამბავი ისაა, რომ მართალია, თბილისში ერთი თავისუფალი შენობა ვერ გამოინახა უსახლკაროებისთვის, მაგრამ როგორც იქნა, მერიამ ნამდვილი თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო. თუმცა, ეს შენობა დიდ ლილოში ჯერაც არ დასრულებულა.
ათიოდე დღის წინ, თავშესაფრის მშენებარე კომპანია ნახევარი მილიონი ლარით დაჯარიმდა. მიზეზი ის არის, რომ მშენებლობის დასრულება დაგეგმილ ვადებში, ანუ ივლისში, ვერ მოესწრო. ახლა, მერიაში შენობის ჩაბარებას მიმდინარე თვის ბოლომდე ელოდებიან.
მანამდე კი მოსკოვის გამზირზე ისევ დგას კარვების ქალაქი. როგორ ცხოვრობს ხალხი კარვების ამ ავტონომიურ სივრცეში, რომლის ბინადრებიც იმედია, მალე გადაინაცვლებენ კეთილმოწყობილ შენობაში. რეპორტაჟის გაკეთება გადავწყვიტეთ და თავშესაფარს ვესტუმრეთ.
პირველი, რაც თვალში მომხვდა, ორგანიზებულობაა. სიმართლე გითხრათ, აქამდე ვფიქრობდი, რომ კარვების მობინადრეები ბედის ანაბარა იყვნენ და თავად უწევდათ ყველაფერზე ზრუნვა. სინამდვილე სულ სხვა აღმოჩნდა. კარვების თავშესაფარს თავისი ადმინისტრაცია აქვს, რომელიც ყველა საორგანიზაციო საკითხს აგვარებს.
კიდევ მედპუნქტი აქვთ…
და სამზარეულო, სადაც კათარზისის თანამშრომლები აქ მოტანილ, გამზადებულ საკვებს თავშესაფრის ბენეფიციარებს შორის ანაწილებენ. კვება დღეში ორჯერაა.
გიდობას ადმინისტრაციის უფროსი, ზურა ისაკაძე მიწევს.
ტერიტორიაზე 23 მოქმედი კარავია. კარვები ძირითადად ორ რიგადაა გამწკრივებული. ზურა ადგილობრივებთან რეკომენდაციას მიწევს და ერთ-ერთ კარში შევყავარ, სადაც იმ წუთში, ოთხი ადამიანია – ორი ქალი და ორიც კაცი.
ახალგაზრდა ქალი ფოტოკამერის დანახვაზე მუნჯდება და იმ დროის განმავლობაში, რაც მათ კარავში ვიყავი, მხოლოდ ერთხელ ამოიღო ხმა. კარავში მკრთალი სინათლეა. გასათბობად შეშის ღუმელს ანთებენ. ზურა მიხსნის, რომ შეშით თავშესაფრის მომარაგებაზე მერია ზრუნავს. კარვის ერთი ბინადარი, ხანშიშესული კაცი, ორიარუსიანი საწოლის ქვედა იარუსზე წევს. მოხუცი ქალი საწოლებზე მიჩიგდანივით ჩამოფარებული ტანსაცმლის უკან იმალება. აქაურებს ადვილად ვერ აალაპარაკებ. კონტაქტში შემოსვლას ერიდებიან. რაღაცას რომ ეკითხები, ცდილობენ ხუმრობაში გაგიტარონ. თავისას არა, მაგრამ ერთმანეთის ამბავს ყვებიან. ქალს რაღაცას რომ ვეკითხები, დუმს. გაფართოებული თვალებით მიყურებს.
ამასობაში საწოლიდან მოხუცის ხმა მესმის. ქალი ორი შვილის დედაა, ბავშვები სოციალურმა მუშაკებმა ბავშვთა სახლებში წაიყვანესო. იმასაც ვიგებ, რომ ოდესღაც ამ კარვის ბინადრებს ქირით უცხოვრიათ, მერე ქირის გადახდა ვერ შეძლეს და ღია ცის ქვეშ დარჩნენ – ასე აღმოჩდნენ თავშესაფარში.
აქაურების უმეტესობა აქ სწორედ იმიტომაა, რომ ქირის გადახდა ვერ შეძლეს, საკუთარი ჭერი კი ან გაყიდეს, ან სულაც არ ჰქონიათ. არიან ისეთებიც, ვისაც სახლი აქვს, მაგრამ არც აქვს – მაგალითად, კარვის წინ მზეს მიფიცხებულ ამ მოხუცს: ზურა მეუბნება, რომ კაცს მოტყუებით მოაწერინეს ხელი დოკუმენტზე და სახლი დააკარგვინეს.
კარვების ქალაქში გულხელდაკრეფილი არავინ ზის – ყოველ შემთხვევაში ისინი, ვისაც გაუმართლა და სამსახური იშოვნა. თუმცა, სამსახურის შოვნა აქაურებისთვის არც ისე ადვილია – „დღეში ათ ლარად შემომთავაზეს მუშაობა. როცა იგებენ თავშესაფრიდან ვარ, გაცილებით ნაკლებს მიხდიან, ვიდრე მეკუთვნის“ – ამბობს თავშესაფრის ბენეფიციარი, რომელმაც მთხოვა მისი სახელი არ მეხსენებინა.
კარვებში რამდენიმე ახალგაზრდასაც მოვკარი თვალი. მაგალითად, „კარავ-დისკოთეკაში“ ორი მხიარული გოგო ცხოვრობს, რომლებმაც ფოტოგადაღება ამიკრძალეს.
ზურა მეუბნება, რომ აქ ოჯახებიც იქმნება. ერთ-ერთი პატარძალი ახლა ორსულადაა და მალე პატარას ელოდებიან. დედას და პატარას დროებით სხვა თავშესაფარში გადაიყვანენ, მერე კი იმედია ახალი შენობაც მოესწრებათ, სადაც ბავშვებისთვის შესაფერისი პირობებიც იქნება. კარვების ქალაქში ორი საშხაპეა. ბენეფიციარებს ცოტა მოშორებით, იმავე ქუჩაზე აბანოში წასვლა და პარიკმახერთან მისვლაც შეუძლიათ – ამ ხარჯებსაც მერია ფარავს.
კარვებში ალკოჰოლის დალევა სასტიკად იკრძალება – ეს იმიტომ კონფლიქტები და უსიამოვნებები მაქსიმალურად აიცილონ თავიდან. „ბენეფიციარების დაახლოებით 70 პროცენტი ნასამართლევია – მეუბნება ზურა – ადგილობრივებმა თავიდან კი გააპროტესტეს კარვების აქ დადგმა, მაგრამ უკვე მესამე წელია აქ ვართ და არავითარი პრობლემა არ გვქონია. ახლა, მოსახლეობაც კეთილადაა განწყობილი. ხალხი მოდის და აქაურებს დასაქმებასაც სთავაზობს – თუ ვინმეს რამე აქვს გასაკეთებელი, მუშახელს აქაც ეძებენ. დაუზარელი ხალხი გვყავს, მუშაობას აქ თავს არავინ არიდებს“.
თავშესაფარმა გახსნის დღიდან სულ 6300 ადამიანი შეიფარა. აქ ზოგჯერ ერთი ღამის გასათევადაც მოდიან: „ვინმე გარეთ თუ დარჩა ღამით, შეუძლია აქ გაათენოს და დილით წავიდეს“. – ამბობს ზურა.
თავშეფარში სხვადასხვა წარსულის, გამოცდილების, პროფესიის მქონე ადამიანები ცხოვრობენ, მაგრამ აქ არავის არჩევენ – არც კრიმინალური წარსულის, არც ორიენტაციის, არც ეროვნების და არც რამე სხვა ნიშნის მიხედვით – ყოველ შემთხვევაში მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.
აქაურების წარსულის ამბები მძიმეა, მაგრამ მოსმენად ნამდვილად ღირს და ამ ამბებს სულ მალე, აუცილებლად მოგიყვებით.