ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ გავაუქმებთ ფინანსურ პოლიციას”

ექსკლუზიური ინტერვიუ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერ ირაკლი ჩიქოვანთან

საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგში ისევ დგას “გაზპრომსა” და ოფიციალური თბილისს შორის დაწყებული “პოლიტიკური ფლირტი”. ამასთან, ისევ აქტუალურია “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებული თემა, ისევე როგორც ბოლო დროს უცხოურ საიტებზე გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერები. ყველა ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ინტერვიუ ვთხოვეთ  პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერ, ირაკლი ჩიქოვანს.

„მეტრონომი“: ბოლო დროს უკრაინულ საიტზე ფარული ვიდეო ჩანაწერები აქტიურად ვრცელდება. ოპონენტები ამაში მთავრობას ადანაშაულებენ. რა როლი აქვს ამ ვიდეოების გავრცელებაში „ქართული ოცნების“ მთავრობას?

ირაკლი ჩიქოვანი: „ჩვენ „თავისუფალი დემოკრატებს“ გვაქვს მკაფიოდ გამოხატული პოზიცია, იმ ვიდეოჩანაწერებზე, რომელიც ქვეყნდება. კომენტარს ვერ გავაკეთებთ კადრებზე, რომელთა ავთენტურობა დადასტურებული არ არის. მსგავსი აზრი აქვს  სახალხო დამცველსაც, რომელსაც მივესალმებით. ზოგადად, ამ ფორმის განცხადებები, რომელიც ვრცელდება უცხო ქვეყნის ტერიოტორიიდან და მას აქვს მნიშვნელოვანი თუ არა, გარკვეული ზეგავლენა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, უნდა იქნას აღკვეთილი და გამოძიებული, რათა ვიცოდეთ ვინ აკეთებს ამას.“

–  გვარამია-სააკაშვილის ჩანაწერებში ექსპრეზიდენტი ბარიკადების მშენებლობასა და ტელეკომპანიის გამაგრებაზე საუბრობს. ხელისუფლებამ ეს რევოლუციის მოწყობის მცდელობად შეაფასა. თქვენი აზრით, სააკაშვილს მართლაც მსგავსი სურვილები ჰქონდა?

– „მოდით გავყოთ ორი საკითხი ერთმანეთისგან. პირველი, ის რომ ქვეყანაში შესაძლებელია რევოლუციური ცვლილებები მოხდეს, აბსურდია, მითუმეტეს აბსურდია ის, რომ ამის უზრუნველმყოფელი იქნება ნაციონალური მოძრაობა. საზოგადოებაში მკვეთრად ჩამოყალიბებული აზრი არსებობს ამ პარტიაზე და მის ლიდერზე. მეორეს მხრივ, დასანანია, როცა საქართველოს ყოფილ მოქალაქეს მსგავსი ზრახვები აქვს. ჩვენ „თავისუფალ დემოკრატებს“ ნათელი წარმოდგენა გვაქვს იმ ზრახვებთან დაკავშირებით, რაც სააკაშვილს გააჩნია. მისთვის უმთავრესია, საკუთარი მიზნების რეალიზაცია, ვიდრე თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლე საქართველოში. ჩვენთვის მსგავსი განცხადებები აბსოლუტურად მიუღებელია და მეორეს მხრივ, სამწუხარო რეალობაა ის, რომ ეს კაცი წლების განმავლობაში მართავდა ქვეყანას“.

–  ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის სასამართლო პროცესი კვლავაც აქტუალურია. როგორ ფიქრობთ, თუ არხი ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში გადავა შეძლებს იგივე საინფორმაციო პოლიტიკის შენარჩუნებას? ამასთანავე,  ჩვენ ვიცით, რომ სასამართლოს მიერ აღსურულება შეჩერებულია.  როგორ ფიქრობთ,  რა ვადებშია შესაძლებელი „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება?

– „რაც შეეხება სარედაქციო პოლიტიკას, რაც „რუსთავი 2“-ს გააჩნია – ამ პოლიტიკის სამიზნე „თავისუფალი დემოკრატები“ დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ, როდესაც ჩვენ მონაწილეობას ვიღებდით 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებში, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ა.შ.  აქედან გამომდინარე, ეს სარედაქციო პოლიტიკა ჩვენთვის ნათელია, მაგრამ „რუსთავი 2″ თავისუფალია თავის სარედაქციო პოლიტიკაში. რაც შეეხება, მფლობელობის შეცვლის საკითხს, თქვენ ვერ გაიხსენებთ ჩემს ვერც ერთ ინტერვიუს, სადაც ჰიპოთეტურ გარემოებებზე ვაკეთებ კომენტარს. დაველოდოთ სასამართლო პროცესებს და მერე ვისაუბროთ ამ საკითხზე. ჩვენი „თავისუფალი დემოკრატების“ მკაფიო პოზიციაა რომ უზრუნველყოფილი იყოს  სრული სამართლებრივი პროცედურების განხორციელება. ნებისმიერი მხარისთვის საჭიროა ყველა სამართლებრივი შესაძლებლობა ამოწუროს და ამის შემდეგ, შესაძლოა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც უფრო მისაღები იქნება ყველა მხარისთვის“.

– თქვენი პარტია თუ აპირებს მონაწილეობის მიღებას 2016  წლის არჩევნებში  და ხომ არ გეგმავთ უკვე არსებული პოლიტიკური სპექტრიდან ვინმესთან ალიანსს?

– „ჩვენ ვთვლით, რომ 2016 წლის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია  ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის. საზოგადოებას ნაციონალური მოძრაობის სახით ჰყავს პარტია, რომელმაც შეძლო 9 წლის მანძილზე ხელისუფლების შენარჩუნება. თუმცა, აქვე დავინახეთ ის სიმძიმე, რაც ახლდა მათ მმართველობას. მეორეს მხრივ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ ვერ შეუმსუბუქა ხალხს ცხოვრება. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებები ხშირად არაკომპეტენტურია, რაც ცუდად მოქმედებს ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ახლა საზოგადოება ეძებს მესამე ალტერნატიულ ძალას. ჩვენ ვთვლით, რო მესამე ალტერნატიული ძალის შეთავაზების შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ინდივიდუალურად. „თავისუფალ  დემოკრატებს“ არ გვაქვს დაგეგმილი ვინმესთან კოალიციის შექმნა. ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ საარჩევნო პროგრამას, რომლის ბევრი ელემენტი თავად „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაშიც იყო, თუმცა მათ ამის შესრულება ვერ შეძლეს.

– ჩემი შემდეგი კითხვაც 2016 წლის არჩევნებს ეხება. მესმის, რომ ჯერ ადრეა  წინასაარჩევნო პროგრამაზე საუბარი, მაგრამ რამე კონკრეტული დაპირება ხომ არ გაქვთ. მაგ: „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ბიზნეს მოგების გადასახადისგან  გაათავისუფლებს.

– „ჩვენ საკმაოდ ჩამოყალიბებული პროგრამა გვაქვს, რომელიც მაკროეკონომიკურ ვითარებაზეა ორიენტირებული. ჩვენ გვაქვს ინტენსიური კონტაქტები ბიზნესის წარმომადგენლებთან. ჩვენ  გვქონდა შეხვედრები სავაჭრო პალატასთან, ასევე  შევხვდით ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს, რომელთაც ძალიან მოეწონათ ჩვენი საარჩევნო პროგრამა. ჩვენი აზრით, ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნივნელოვანია გავამარტივოთ ბიუროკრატია, რადგან დღეს საქართველოში ხშირად ბიზნესი არის შეჩერებული, არა იმიტომ, რომ წნეხია მასზე, არამედ გართულებული ბიუროკრატიის გამო. ჩვენ იმ ბიზნესს გავათავისუფლებთ მოგების გადასახადისგან, რომელიც რეინვესტირებაზე იქნება ორიენტირებული. ანუ ყველა ბიზნესი, ვინც თავის მოგებას ჩადებს საკუთარ კომპანიის განვითარებაში, გათავისუფლებული იქნება  გადასახადისთან. ჩვენ ასევე გავაუქმებთ ფინანსურ პოლიციას“.

– „გაზპრომთან“ მთავრობის შესაძლო თანამშრომლობა ისევ აქტუალური თემაა. ქვეყანაში ეს უფრო მეტად პოლიტიკური საკითხია, ვიდრე ეკონომიკური. როგორ ფიქრობთ, „საშიშია“ თუ არა რუსეთთან ენერგოთანამშრომლობა?

– „ჩვენ დღეს რუსეთთან გარკვეული ენერგოთანამშრომლობა გვაქვს. ჩვენ მოვისმინეთ განსხვავებული განცხადებები მთავრობის წევრებისგან, შემდეგ ასევე განსხვავებული განცხადება ერთ-ერთი გაზის იმპორტიორი კომპანიისგან. ამ ბუნდოვანებამ და სხვადასხვა განცხადებებმა საზოგადოებაში გააჩინა ლეგიტიმური კითხვები. ჩვენ არ უნდა შევიტანოთ რაიმე ფორმის ხინჯი საქართველოს, როგორც ენერგოგამტარის ფუნქციაში. ეს ფუნქცია საქართველოს ძალიან სჭირდება. მეორეს მხრივ, ეს არ უნდა ხორციელდებოდეს იმის ხარჯზე, რომ ჩვენი რესურსები რა რესურსებიც ჩვენ გვჭირდება, იყოს უფრო მეტად დამოკიდებული რუსეთის ფედერაციაზე, ვინაიდან ეს უკვე ქმნის საფრთხეს“.

 

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....