“გადმოაგდო თითიდან გამოწოვილი, მაგრამ დიდი ხნის წინ მომზადებული პროვოკაცია, რომ თურმე ჩვენ დავით გარეჯი გავყიდეთ,”- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუკ” გვერდზე დაწერა.
სააკაშვილის თქმით, მისი მმართველობის დროს აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რომ მომხდარიყო გარეჯის დაკანონება, დღეს კი მოქალაქეებს სალოცავად აღაა უშვებენ.
როგორც სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, პროვოკაციის გადმოგდება დესტაბილიზაციას ემსახურება, რაც ქვეყანის რეპუტაციაზე უარყოფითად მოქმედებს.
„ამ დღეებში საქართველოს მთავრობამ გადმოაგდო თითიდან გამოწოვილი, მაგრამ დიდი ხნის წინ მომზადებული პროვოკაცია, რომ თურმე ჩვენ დავით გარეჯი გავყიდეთ, მივეცით აზერბაიჯანელებს და მათ ამაში ფული გადაგვიხადეს. ჯერ ერთი, არაფერი მიგვიცია, ყველა შეხვედრაზე ვაყენებდი გარეჯის საკითხს. ბოლოს ჩვენ შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვიყავით, რომ მომხდარიყო გარეჯის დაკანონება, რა თქმა უნდა, შესაბამისი გაცვლის ხარჯზე, მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, მთელი ეს პერიოდი ნებისმიერ ქართველს შეეძლო ჩვეულებრივად გარეჯში შესვლა, ლოცვა, თუმცა, ივანიშვილის დროს ეს დავკარგეთ. რატომ? იმიტომ, რომ ივანიშვილის დროს ჩვენი ურთიერთობები, როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან ისტორიულ მინიმუმზე დაეცა.
ამ სიტუაციაში, ამ პროვოკაციის გადმოგდება პირდაპირი დესტაბილიზაციაა საქართველოს ისედაც შელახული ურთიერთობების და რეპუტაციის ამ ქვეყნებში და სამხრეთ კავკასიაში. ეს ურტყამს თითოეულ ქართველს. როცა მე პრეზიდენტი ვიყავი, ძალიან მაგარი განვითარება მოხდა ახალქალაქში, იქ აღდგა კანონის უზენაესობა, ავაშენეთ ახალი უზარმაზარი სარკინიგზო ქსელი, ძალიან ბევრი ბიზნესი შევიყვანეთ, მანამდე გაზი შევიყვანეთ, გზა ავაშენეთ თბილისიდან ახალქალაქამდე, რამხელა განვითარება მოხდა მარნეულში, ბოლნისში და სხვა რაიონებში. ჩვენმა სომეხმა და აზერბაიჯანელმა თანამოქალაქეებმა კარგად იციან, რამდენი რაღაც აქვს ჩემ მთავრობას მათთვის გაკეთებული. ამათ გაკეთებული არაფერი აქვთ, სამაგიეროდ, არევაში მსოფლიო ჩემპიონები არიან. ამიტომ, მინდა ყველას ვუთხრა, ივანიშვილის დატოვება ნიშნავს ქაოსს, არეულობას, რათა შემდგომაში ბოლომდე გაანადგუროს საქართველო.
მთავრობის შეცვლა და ჩვენი მთავრობის მოსვლა ნიშნავს ერთა შორის ძმობას, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანების სრულ პატივისცემას და საქართველოში სრულ თანასწორობას, ასევე ნიშნავს სწრაფ განვითარებას, თითოეული ქართველის გამდიდრებას, საქართველოს ღირსების ყველაზე მაღლად დაყენებას“,-აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.