პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს. როგორც სარიშვილი წერს, მას “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სია არ მოსწონს. მისი თქმით, პროპორციული სიის შედგენა სამართლიანად არ ხდება.
“მომწონს თუ არა ენმ–ს პარტიული სია? – არა, არ მომწონს და ამისათვის ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ ამ სიაში ის ადამიანია ჩაწერილი, ვინც თავის დროზე ჩემთან ზუსტად ისე მოიქცა, როგორც ბოკერია ენმ–ში, იმ განსხვავებით რომ ის ბოკერიაზე ნაკლებად განათლებული და ნაკლებად ჭკვიანია და ვისაც არანაირ გარემოებაში არასდროს ხელს არ ჩამოვართმევ.
გარდა ამისა, ნამდვილად ვისურვებდი რომ სიაში მეტი ახალგაზრდა ყოფილიყო და ბევრი “ძველიც” იმაზე წინ მეხილა, ვიდრე სიაშია.
უფრო მეტსაც გეტყვით: 10 წელი ვიყავი პარტიის თავმჯდომარე, მანამდე ამ პარტიის ერთ–ერთი ხელმძღვანელი და არცერთხელ – ვიმეორებ – არცერთხელ ჩემი საკუთარი პარტიის სია არ მომწონებია და ვისაც ეს ძალიან უსიამოვნო პროცესი გაუვლია, მშვენივრად იცის, რასაც ვამბობ.
პარტიული სიის შედგენის დროს ისეთი მომენტები ხდება გასათვალისწინებელი, რომელსაც საჯაროდ ვერც ახსნი და არც უნდა იყოს საჭირო – ფინანსები, პარტიის წევრთა ამბიციები, მათ შორის დამოკიდებულება, “ძედოვშჩინა” და ა.შ. მით უმეტეს, როცა ბლოკია და რამდენიმე პარტიის ერთობლივი სია იდება, სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება და ყველა პარტია – ეკუთვნის, არ ეკუთვნის – თავისას ითხოვს.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩვენი დაბალი პოლიტიკური კულტურის გამო, პროპორციული სიის შედგენა ყველა ზემოთჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინებით ხდება და ყოველთვის სამართლიანობის პრინციპს ვერ ეფუძნება. მათთვის, ვისთვისაც იდეაა მთავარი და ვინც იცის რომ პარტიული სია არ განსაზღვრავს პარტიის წარმატებას, ნაწყენიც რომ დარჩეს, ამის გამო სკანდალს არ მოაწყობს.
რატომ სიის პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძე? – იმიტომ რომ ყველა პარტიას ლიდერობის პრეტენზია აქვს, სიას გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება და ამ არჩევნებში ასეთი ლიდერი – მიხეილ სააკაშვილი ვერ იქნება სიის სათავეში. აი ამიტომ ბუბა კიკაბიძე – ყველა პარტიული ამბიციისთვის ნეიტრალური, ხალხისთვის მართლა ძალიან საყვარელი ადამიანი შეირჩა სიის პირველ ნომრად თავისი მკვეთრი, მიუკიბ–მოუკიბავი მესიჯით: რუსეთი ოკუპანტია! ვითომ ასე რთულია ამის გაგება?
და ბოლოს – საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ როცა აუღებელი ციხე–სიმაგრე – ბიძინა ივანიშვილი გვყავს დასამარცხებელი და ჩემთვის როგორც ენმ–ს ამომრჩევლისთვის, დღეს ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია და ჩემი არჩევანიც დიდწილად ამ ფაქტორითაა განპირობებული.
ძალიან გთხოვთ ყველას, ვინც თუნდაც სამართლიანად ხართ ემოციებს აყოლილი – შევწყვიტოთ ამაზე დავა, რადგან ეს ყველაფერი იმ გეგმის ნაწილია, რასაც დღეს უკვე თითქმის ბოლომდე ნიღაბახსნილი გახარიას ე.წ. კლასტერი ახორციელებს ენმ–ზე ფორსირებული დარტყმებით, შეძახილებით რომ არჩევნები გაყიდულია, ჭორაობის დონეზე დასული ინფორმაციების გავრცელებით და რისი მიზანიც სრულიად ნათელია – იმედგაცრუება ხალხში, მუხტის ჩაკვლა და თან როდის – როცა ამ ხელისუფლების ბედი თითქმის გადაწყვეტილია.
აუგის თქმას, ერთმანეთთან დავას, წყენის ამოფრქვევას მერეც მოვასწრებთ და დღეს ამისკენ მოწოდება არც მეტი, არც ნაკლები – მავნებლობაა, დამიჯერეთ!
ამ არაფრის მომცემ ურთიერთდაპირისპირებას, რომელსაც მაინც არაფერის შეცვლა არ შეუძლია გარდა ჩვენი დასუსტებისა, მოდით უბრალოდ წავიდეთ არჩევნებზე, სხვებსაც მოვუწოდოთ და არჩევნების შემდეგ მიღებული შედეგის დაცვაზე ვიფიქროთ, რაც აუცილებელი გახდება რადგან კუთხეში ვირთხასავით მიმწყვდეული ივანიშვილი ყველაფერზე წამსვლელია თავის გადასარჩენად.
31 ოქტომბერს ჩვენ პარტიებს კი არა, ამ ქვეყანას ექნება თუ არა მომავალი, იმას ვირჩევთ – რა დროს ერთმანეთში დავა და ურთიერთწყენაა – გამოვფხიზლდეთ!” – წერს სარიშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ, ირაკლი კაკაბაძემ გაავრცელა წერილი, სადაც ჰყვება მისი და ამერიკელი სენატორის საუბარზე და ახსენებს “ახალგაზრდა პოლიტიკური მეცნიერს უკრაინიდან” ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.