ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

სომხეთმა თურქეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა

სომხეთის ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მოთხოვნით მიმართა. სომხეთი ევროპულ სასამართლოს სთხოვს, რომ  თურქეთთან მიმართებით შუალედური ზომები მიიღოს. – აღნიშნულ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ქვეყნის წარმომადგენლობა ავრცელებს.

როგორც სომხეთის ხელისუფლების თხოვნაშია აღნიშნული, ასევე ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ შუალედური ზომები უნდა მიიღოს თურქეთის აზერბაიჯანის საომარ მოქმედებებში სავარაუდო მონაწილეობის გამო, სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წინააღმდეგ.

„სომხეთის ხელისუფლება თავისი და რესპუბლიკა არცახის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს მოთხოვნით, მიიღოს შუალედური ზომები თურქეთის წინააღმდეგ იმის გათვალისწინებით, რომ ეს ქვეყანა მრავალმხრივ უჭერს მხარს სომხეთისა და არცახის მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას. ეს წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და ევროპული კონვენციის უხეშ დარღვევას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეარაღებული დაპირისპირება ერთი კვირაა რაც გრძელდება. თავდაპირველად სომხეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ აზეირბაიჯანმა  საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. ხოლო აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ. აღნიშნულის შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

ცნობისთვის, სომხური მხარის განცხადებით, სამხედრო შეტაკების დაწყების შემდეგ მთიან ყარაბაღში 104 სამხედრო და 23 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით კი გარდაცვლილია 19 მშვიდობიანი მოქალაქე. ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სამხედროების დაღუპვის შესახებ არაფერს ამბობენ, თუმცა სომხური მხარის მტკიცებით მტრის ჯარში, ამ ეტაპისთვის, 130 სამხედროა გარდაცვლილი.

იტვირთბა....