ხათუნა ლაგაზიძე, უსაფრთხოების ექსპერტი
განჯის დაბომბვით, რომელთან ახლოსაც გადის საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანსპორტო კომუნიკაციები და მისლადენები და რომელიც ასევე ძალიან ახლოს არის საქართველოსთან, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი გასცდა ყარაბახის ფარგლებს და სულ უფრო რეალური გახდა ფართომასშტაბიანი რეგიონალური ომის დაწყების საშიშროება.
შექმნილ ვითარებაში საქართველომ პირველ რიგში უნდა გააქტიუროს ამერიკის და ევროპის დაინტერესება და შესაბამისად როლი ამ კონფლიქტის დროული ლოკალიზების მიზნით. რადგან ამ დაპირისპირების საერთო რეგიონალურ კონფლიქტში გადაიზარდა ნიშნავს: აზერბაიჯანზე გამავალი საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისთვის საფრთხის შექმნას; მაქსიმალურად იზრდება ამ კონფლიქტში მსხვილი რეგიონალური მოთამაშეების – თურქეთის, რუსეთის, ირანის – ღიად ჩართვის ალბათობა; ისევე როგორც კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარეს სირიიდან და ა.შ. არაკონტროლირებადი ტერორისტული ჯგუფების გადასროლის რისკი. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ სომხეთ-ააზერბაიჯანის კონფლიქტს არა მხოლოდ რეგიონალური, არამედ მსოფლიო მასშტაბის გამოწვევად აქცევს. საქართველოს უსაფრთხოების პირველი რიგის ამოცანაა დღეს მსოფლიოს დაანახოს ეს საშიშროება.
თავის მხრივ, საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან გაძლიერებული დაცვის რეჟიმია შემოსაღები საქართველოზე გამავალ ყველა საერთაშორისო სატრანსპორტო კვანძზე და მისლადენებზე, განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთის მონაკვეთზე. საჭიროების შემთხვევაში, ასამოქმედებელია შესაბამისი საერთშორისო დაცვის მექანიზმები. ბუნებრივია, განსაკუთრებული კონტროლი სჭირდება საზღვრებს და საჰაერო სივრცეს.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს უსაფრთხოების პირველი ზღუდე დღეს საინფორმაციო თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე გადის: სომხეთის, ცოტა ხნით ადრე კი აზერბაიჯანის სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს კარგად ორგანიზებული ანტიქართული კამპანია, რომლის უკანაც მარტივად იკითხება რუსული ინტერესი, რომლის მიზანი აზერბაიჯანსა და საქართველოს, სომხეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების დანგრევა და კონფლიქტის საქართველოზე გავრცელებაა. საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს მაქსიმალურად აქტიური კომუნიკაცია სომხეთისა და აზერბაიჯანის პოლიტიკურ ელიტასთან, მედიასთან, აზრის ლიდერებთან არსებული დეზინფორმაციული კამპანიის ჩასაცხრობად. საჭიროა ოპერატიული და სიღრმისეული კვლევა, რაზეა გათვლილი და რა შედეგების მიღწევას ისახავს მიზნად საქართველოს წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო ომის ეს ახალი ვექტორი. მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია და საჯარო განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველო არ ატარებს სამხედრო ტვირთს არც ერთი მიმართულებით. ამასთან, კარგია რომ გაკეთდა სომხეთის საელჩოს განცხადება, რომ სომხეთის სოციალურ ქსელებში გავრცელებული დეზინფორმაციული კამპანია იმის თაობაზე, რომ თითქოსდა საქართველოს გავლით მიეწოდება აზერბაიჯანს შეიარაღება, არ შეესაბამება სინამდვილეს. თუმცა, ეს არამცდაარამც არ არის საკმარისი მასირებული დეზინფორმაციული აგრესიული ნაკადის შესასუსტებლად. საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურ დონეზე უნდა უარჰყოს თავად ნებისმიერი დეზინფორმაცია და იგივე მოითხოვოს მეზობელი ქვეყნების ხელისუფლებებისგან; აუცილებლობის შემთხვევაში, ავამოქმედოთ საზღვრებზე ტვირთის კონტროლის საერთაშორისო მექანიზმები; ანტიქართული კამპანიის დასაძლევად, რომელიც მიზანმიმართულად არის აგორებული ხან აზერბაიჯანის და განსაკუტრებით, სომხეთის სოციალურ ქსელებში, მათ შორის სამცხე-ჯავახეთში და იქ გამავალი სატრანსპორტო და მისლადენების კვანძებზე არეულობის მოწყობის მოწოდებით.
საქართველოს ხელისუფლებამ ყოველდღიურ რეჟიმში უნდა აწარმოოს აქტიური მუშაობა საქართველოში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების მოსახლეობასთან, გასაკუთრებით მათი აზრის ლიდერებთან, მოსალოდნელი დეზინფორმაციული კამპანიების და სეპარატისტული მოწოდებების აღკვეთისთვის. ამ მხრივ მისასალემებლია აზერბაიჯანის საელჩოს განცხადება, სადაც ის საქართველოს ეთნიკურად აზერბიჯანელ მოსახლეობას მოუწოდებს გამოიჩინონ სიფხიზლე, არ წამოეგოთ შესაძლო პროვოკაციებს და იმოქმედოთ საქართველოში მიღებული ნორმებისა და კანონების ფარგლებში. ასევე, აზერბაიჯანის საელჩო საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ არ საჭიროებენ არც მოხალისეებს და არც ჰუმანიტარულ ტვირთს.
რუსეთი, რომელიც ბოლო წლებში აქტიურად ამარაგებდა ორივე მხარეს, დღეს ჯერჯერობით აქტურად არ იჭერს თავისი სტრატგეიული მოკავშირის – სომხეთის მხარს, თუმცა უკვე საუბრობს რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებზე კონფლიქტის პერიმეტრის გასწვრივ, რაც ფაქტობრივად ნიშნავს აზერბაიჯანის ტეიროტრიაზე რუსული სამხედრო ბაზის განლაგებას. ასეთ პირობებში რუსეთი არა მხოლოდ შეინარჩუნებს სრულ კონტროლს სომხეთზე, არამედ გააფრთოებს თავის სამხედრო გავლენას და ყოფნას სრულად სამხრეთ კავკასიაზე. თუმცა, მოვლენთა ამ განვითარებას არ დაუშვებს თურქეთი. თუმცა, საკითხავია, როგორი იქნება აზერბიჯანის პოზიცია, თუ რუსეთი მას ყარაბახის დაბრუნებას შესთავაზებს რუსული სამხედრო ბაზის განლგაების სანაცვლოდ?! თავის მხრივ, ფაშინიანი უარს ამბობს რუსეთი საშუამავლო როლზე სომხეთის ეროვნული ინტერესების დათმობის სანაცვლოდ. პუტინის ხელისუფლება, რომელიც დღეს მსოფლიოში რამდენიმე ფრონტზე იბრძვის შიდა პოლიტიკური უკმაყოფილების ზრდის ფონზე, ცდილობს რაც შეიძლება ძვირად დაუფასოს თავის დახმარება ფაშინიანს, რომელმაც შეზღუდა რუსული სკოლები და რუსული ტელეარხები სომხეთში.
ამასთან, რუსეთის შეკავების მთავარი ფაქტორი, რა თქმა უნდა, თურქეთია, რომლის წყალობითაც აზერბაიჯანი აწარმოებს მაღალტექნოლოგიურ ომს ყარაბაღში, რაც განსაზღვრავს მის მთავარ უპირატესობას ამ ომში. რადიოელექტორნული დაზვერვის მიერ მოწოდებულ ყარაბაღში განლაგებულ სამიზნეებს წერტილოვანი დარტყმებით ანადგურებს აზერბაიჯანის უპილოტო საფრენი აპარატები, რომლის წინაშეც უძლური აღმოჩნდა ყარაბახის და სომხეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები.
კიდევ რამდენიმე გაკვეთილი საქართველოსთვის: ამ ომმა აჩვენა თურქეთის, როგორც რეგიონალური ლიდერის როლი, რომლის წინაშეც რუსეთი კონფლიქტში ღიად მოქმედებას ვერ ბედავს. აჩვენა ისიც, რომ აზერბაიჯანის და სომხეთის არმიებთან შედარებით, როგორც მაღალტექნოლოგიური სამხედრო შეიარაღების, ასევე, საბრძოლო მომზადების თუ მაღალი სამხედრო-საბრძოლო სულისკვეთების მხრივ, საქართველოს არმია და იარაღება მნიშვნელოვნად ჩამორჩება, რაც კიდევ უფრო მოწყვლადს გვხდის მოსალოდნელი პროვოკაციების წინაშე. ასეთ პირობებში აშშ-ისა და ევროპის წამყვანი სახელმწიფოების დაინტერესება და ჩართულობა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის რაც შეიძლება სწრაფად ლოკალიზების და რეგიონალური რისკების მინიმიზაციის პროცესში საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს.