სომხეთი საელჩო საქართველოში ინტერნეტში გაცრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანს იარაღი ბორჯომიდან მიეწოდება ეხმაურება.
როგორც საელჩოში აცხადებენ აღნიშნული დეზინფორმაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება.
„სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც ვიდეოშია ნაჩვენები, ეკუთვნის საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და გადაადგილება ხორციელდებოდა საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. სომხეთის წარმომადგენლობა საქართველოში მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი აარიდონ დეზინფორმაციის გავრცელებას, რასაც შეიძლება, პანიკა და არასასურველი შედეგები მოჰყვეს“ – აცხადებენ საელჩოში.
ამასთან, სომხეთის საელჩოს ამ განცხადებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი გამოეხმაურა.
ლილუაშვილის განცხადებით, ინტერნეტში გავრცელებული დეზინფორმაცია მიზნად ისახავს საქართველოში და ზოგადად რეგიონში ვითარების ესკალაციასა და დაძაბვას.
“მინდა გამოვეხმაურო სოციალურ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას თითქოს თურქეთის ტერიტორიიდან, აზერბაიჯანის მიმართულებით, სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებები თითქოსდა საქართველოს ტერიტორიის გავლით გადააადგილდებიან. ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელი შეუშალონ ჩვენს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მშვიდობიან თანაცხოვრებას და კეთდება კონკრეტული მოწოდებები, რომ აზერბაიჯანის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო მაგისტრალი გადაიკეტოს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მებრძოლებთან დაკავშირებულ გავრცელებულ ინფორმაციას არანაირი საფუძველი არ გააჩნია, ეს არის სიცრუე და მიზნად ისახავს საქართველოში და ზოგადად რეგიონში ვითარების ესკალაციასა და დაძაბვას“ – აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.