ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

2020 წლის საპატიო თბილისელების ვინაობა ცნობილია

მწერალ გურამ დოჩანაშვილს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა. საპატიო თბილისელები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დააჯილდოვა. საზეიმო ღონისძიება სახელმწიფო ცერემონიების სასახლის ეზოში გაიმართა და პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ფართო საზოგადოებისთვის ტელევიზიის საშუალებით გადაიცა.

საპატიო თბილისელის წოდება მწერალ გურამ დოჩანაშვილთან ერთად ცხრა ექიმს მიენიჭა.

საპატიო თბილისელები გახდნენ: ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი; პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში; მარინა ენდელაძე – ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების გამგე; თენგიზ ცერცვაძე – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი; მარინა ეზუგბაია – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის სამედიცინო დირექტორი; ლევან გოფოძე – თბილისის აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის იგივე რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი; ლევან რატიანი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი; ელზა ვაშაკიძე – თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ განყოფილებათა კათედრის ხელმძღვანელი; დავით გადელია – აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი.

საზეიმო საღამოზე, რომელიც გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა, მისი უკვდავი მელოდიები შესრულდა.

წლევანდელი „თბილისობა“ მთლიანად გია ყანჩელს ეძღვნებოდა, მაგრამ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, თბილისის მერიამ დედაქალაქის დღესასწაულთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება, გარდა საპატიო თბილისელების დაჯილდოებისა, გააუქმა.

იტვირთბა....