“თბილისი მზად არის უმსაპინძლოს, სომხეით აზერბაიჯანის პრეზიდენტებს, რათა მათ შორის საომარი კონფლიქტი შეწყდეს და მხარეებმა დიალოგის გზით ურთიერთობა აღადგინოს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უსაფრთხოების საბჭოს შეკრებაზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა გამო მწუხარება გამოთქვა.
“მინდა მივმართო ჩვენს ორ მეგობარს და მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტებს და ხელისუფლებას, რათა რაც შეიძლება სასწრაფოდ აღდგეს მათ შორის დიალოგი, დეესკალაციისკენ მინდა მივმართო და ცეცხლის შეწყვეტისკენ. ეს არის ჩვენი, სამივე ქვეყნის მთავარი საერთო ინტერესი, რათა ჩვენ დავუბრუნოთ ამ რეგიონს სტაბილურობა, მშვიდობა და მისი ეკონომიკური უზარმაზარი როლი საერთოდ მსოფლიოს, ეს არის ჩვენი ერთობლივი მონაპოვარი და ეს არის ის, რასაც ერთობლივად უნდა გავუფრთხილდეთ.
მინდა, ასევე, მივმართო მინსკის ჯგუფს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ კონფლიქტის მიმართ. მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ მზად ვართ, თბილისი იყოს ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება, გაიმართოს ნებისმიერი მოლაპარაკება, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, რაც იქნება სასურველი მხარეებისთვის.
ასევე, მინდა მივმართო ევროკავშირს, ჩვენ სამივე ქვეყანა ვართ აღმოსავლეთ პარტნიორები, თუ ეს რამეს ნიშნავს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს რამეს ნიშნავს, ჩვენი სტაბილურობა და მშვიდობა რეგიონში არის ევროკავშირის ინტერესში. მან თავსი ძალები უნდა გამოიყენოს მშვიდობისთვის და ამ სიტუაციის დეეკსალაციისთვის“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.