ახალი ამბები ბანკები მთავარი საზოგადოება ჩვენი სტატიები

რომელი ბანკი სთავაზობს მომხმარებელს სესხების გადავადების მესამე ეტაპს

კორონავირუსის პანდემიის გამო, მოქალაქეებისთვის საბანკო სესხებზე საშეღავათო პერიოდის მეორე ეტაპი  სექტემბრის თვეში იწურება. უკვე ცნობილია, რომ მესამე ეტაპზე სესხების საყოველთაო გადავადება აღარ იგეგმება. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას ინფორმაციით, ბანკებს ახლა უკვე აქვთ შესაძლებლობა გაანალიზონ, რომელ მსესხებელს შეუძლია სესხის დაფარვა და რომელს არა. ეს კი სესხების კიდევ ერთხელ საყოველთაო გადავადების საფუძველს არ იძლევა.

მეტრონომი” დაინტერესდა, ამ შემთხვევაში რა გეგმა აქვთ ბანკებს და ექნებათ თუ არა მათ მომხმარებელთან ინდივიდუალური შეთავაზება სესხის გადავადებაზე.

“საქართველოს ბანკში” გვითხრეს, რომ მსესხებელს, რომელიც სესხის დაფარვას ვერ ახერხებს, მას ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე შეღავათი გაუკეთდება.

“თუკი კლიენტები მომართავენ ბანკს, ბანკი ცდილობს ყოველთვის გვერდში დაუდგეს კლიენტს.  რაც შეეხება ინდივიდუალურად მოლაპარაკებებს, ეს ყველა ბანკს თავისთავად აქვს,” – აცხადებენ “საქართველოს ბანკში”.

იგივე მიდგომა აქვთ “ლიერთი ბანკსა” და “ვითიბი ბანკსაც”, სადაც განაცხადეს, რომ  ფიზიკურ პირებს შეუძლიათ, მიმართონ საკრედიტო მენეჯერს და მოლაპარაკების გზით შეთანხმებას მიაღწიონ.

ამ ეტაპზე მხოლოდ “თიბისი ბანკია”, რომელიც მომხმარებელს სესხებზე შეღავათების გახანგრძლივებას სთავაზობს. როგორც ბანკში განაცხადეს, მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე ფიზიკური პირები საშეღავათო პერიოდით სარგებლობას კვლავ შეძლებენ.

“ამ საკითხზე გენერალურმა დირექტორმაც გაავრცელა უკვე ინფორმაცია, რომ ფიზიკურ პირებს, რომელსაც მთავრობა ყოველთვიურად ეხმარება, მათ “თიბისი ბანკი” ავტომატურ რეჟიმში გაუკეთებს შეღავათებს. ეს გაგრძელდება მომავალი 4 თვის განმავლობაში. ხოლო, რაც შეეხება სხვა ფიზიკურ პირებს, მათთან ინდივიდუალურად მოხდება გასაუბრება მომართვის საფუძველზე. მათი სასესხო ისტორიის განხილვა ინდივიდუალურად მოხდება და ვისაც უდგას საჭიროება, გადავადებით ისარგებლებენ,” – განაცხადეს ბანკში “მეტრონომთან.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო, პირველ ეტაპზე, სესხების გადავადება 3 თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში მოხდა, თუმცა ვირუსისგან გამოწვეული სირთულეების გამო, საშეღავათო პერიოდი კიდევ 3 თვით გახანგრძლივდა. მეორე ეტაპზე სესხების გადავადება ავტომატურად მოხდა ყველა იმ მოქალაქისთვის, რომელიც კორონავირუსის გამო მთავრობის  სოციალური დახმარებით სარგებლობდა, დანარჩენ პირებთან კი მოლაპარაკება ინდივიდუალურად ხდებოდა.

თათია შაიშმელაშვილი

 

 

იტვირთბა....