ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მომატებული ფასები და გამძაფრებული ნევროზი

“მეტრონომის” სპეციალური (ფოტო)რეპორტაჟი

1

ბოლო დროს ბევრისგან მსმენია, რომ საკვებისა და მედიკამენტების – ამ ორი, სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტის ფასებმა ერთი-ორად მოიმატა. რაღა შორს მივდივარ – ფასების ზრდა ჩემს ჯიბესაც საგრძნობლად დაეტყო. ბოლოს და ბოლოს, ვინმე საკრებულოს წევრი, ან პარლამენტარი, ან თუნდაც სამინისტროს რიგითი თანამშრომელი კი არა, ერთი რიგითი ჟურნალისტი ვარ და ხელფასით ვცხოვრობ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, პირდაპირ საქმეზე გადავალ.

ორიოდე დღის წინ, საქსტატმა ოქტომბრის თვის ინფლაციის მონაცემები დადო, საიდანაც ვიგებთ, რომ სექტებრის თვესთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 0,9 პროცენტით გაიზარდა, მოიმატა მედიკამენტების ფასებმაც.

ახლა კი მშრალი სტატისტიკური მონაცემებიდან სუფთა ჰაერზე, ბაზარში გადავინაცვლოთ – კერძოდ, ნავთლუღის ბაზარში, როგორც ხალხში სამგორის მეტროს გარშემო მოზრდილ ტერიტორიაზე გაშლილ, ბრეზენტით გადახურულ ადგილებს და მოვაჭრეებით სავსე ქუჩებს  ეძახიან.

3

იქ მისულს პირველ რიგში, ცხადია, ფასების ცვლილება მაინტერესებდა, მაგრამ თვალში თავიდანვე გამყიდველების გამძაფრებული უნდობლობა მეცა. თავიდან ისიც კი ვიფიქრე დირექციასთან ხომ არ აქვთ პრობლემა და უცხო ადამიანი რომ დამინახეს, ლაპარაკს ამიტომ ხომ არ ერიდებიან-მეთქი, მაგრამ ორიოდე წუთში ქათმის გამყიდველმა ყველაფერი მოკლედ და გასაგებად ამიხსნა: „ჟურნალისტი ხარ? ოპოზიცია ხარ თუ პოზიცია? მე რა უნდა გითხრა, ყველანი ერთი ჯიშის ხართ – მთავრობაც და ჟურნალისტებიც“ – მეუბნება გამყიდველი და ფოტოს გადაღებას აპროტესტებს. თუმცა, საბოლოოდ მათ მოგვცეს გადაღების უფლება.

ვეღარ გამიგია, საიდუმლო სამსახურის აგენტებთან მაქვს საქმე, თუ გამყიდველებთან, მაგრამ კარგი, გავიარეთ – საბედნიეროდ, ისეთებიც გამოჩდნენ, ვინც ლაპარაკს არ მოერიდა.

4

ყველის რიგში გამყიდველები მეუბნებიან, რომ ამ თვენახევრის განმავლობაში, ყველზე ფასმა დაახლოებით მეოთხედით მოიმატა – მაგალითად, იმერული ყველი თუ 6 ლარი ღირდა, ახლა 8 ლარი გახდა. თუმცა, რძის პროდუქტებზე ფასის ცვლილება სეზონურია და წლის ამ დროს ფასი ყოველთვის იმატებს ხოლმე. ხორცი უმნიშვნელოდ, საშუალოდ 0,5-1 ლარით გაძვირდა.

5

ბოსტნეულზეც ფასმა მოიმატა: „ორი თვის წინ პამიდორის ასაღები ფასი 50 თეთრი იყო, ახლა ლარია“ – მეუბნება ბოსტნეულის გამყიდველი. თუმცა ბოსტნეული და ხილი აქ მაინც საკმაოდ იაფი ღირს – მაგალითად, საშუალო ზომის კარტოფილი 70 თეთრია, პომიდორის ფასი 1 ლარიდან 1.5-მდე მერყეობს, ახალშემოსული მანდარინი ლარად იყიდება, კარალიოკი 70 თეთრად, ყურძენი 1.30-ად და ა. შ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქალაქის ცენტრალურ უბნებში ერთ-ორად და სამმაგად ძვირიც ღირს, ადგილს გააჩნია.

6

„ნიგოზი, რომელიც ახლა 25-30 ლარი ღირს და საახალწლოდ ალბათ 35 გახდებაო (ანუ შარშანდელზე 5 ლარით ძვირი)“- მაცნობებს ნიგვზის გამყიდველი, ნათია, რომელიც, სხვათა შორის ყველაზე სიტყვაუხვი აღმოჩნდა და სხვა პრობლემებზეც ბევრი ილაპარაკა: „მყიდველი ცოტაა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ყველაფერი გაძვირდა და მარტო ელემენტარულს ყიდულობენ. გარდა ამისა, ქუჩის ვაჭრობასაც აღარ კრძალავენ – ხალხი არ გავანაწყენოთო. ტროტუარები რომ გადაკეტილია, აქ კიდევ, ბაზარში დახლები ცარიელია, ის ვითომ არაფერი. არადა, გადასახადი ცოტაა – დღეში 1-2 ლარია“ – მეუბნება ნიგვზის გამყიდველი.

7

ბაზრიდან გამოსულს ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სცენიდან ჩამოვედი, სადაც „ოპოზიცია თუ პოზიცია“ ჟურნალისტის როლს ვასრულებდი, პუბლიკა კი მისტვენდა და მისტვენდა. შეიძლება დავიმსახურეთ კიდეც ქართველმა ჟურნალისტებმა ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ საქმე ასე ცუდადაც არ არის.

8

ბაზრის მერე აფთიაქებს ვესტუმრე. სამგორში, “პე-ეს პე”-ს ერთ-ერთი ფილიალის მენეჯერმა, ლილი კობახიძემ დამიდასტურა, რომ გასულ თვეში მედიკამენტების ფასმა მართლაც მოიმატა, თუმცა, კონკრეტული მაგალითების მოყვანისგან თავი შეიკავა.

9

 

კონკრეტული მედიკამენტების მაგალითზე დამიდასტურა ფასების ზრდა ასევე სამგორში, ენ-ფარმას ფილიალის მენეჯერმა, ხათუნა მღებრიშვილმა: „დღეს მივიღეთ ანტიბიოტიკი ბიცილინი ახალი ფასით – 90 თეთრი ღირდა და უცებ 1.5 ლარზე ავიდა, დიაბეტონის ფასი 16.90 ლარიდან 18-მდე ავიდა და ასე, უამრავი მედიკამენტი. ცოტათი თუ ბევრით, ფასები ყველაფერზე გაიზარდა“.

10

ასე რომ, როგორც ჩანს, არც საქსტატი ცდება და არც ჩვენი შეგრძნებები გვატყუებს, ჯიბეები რომ გვემსუბუქება.

 

გიორგი სურამელი

იტვირთბა....