ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კომპანია “ზეგ”-ი ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადება ავრცელებს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, კომპანია “ზეგ”-ი განცხადება ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, კომპანია პროკურატურას მიმართავს თხოვნით, უწყებამ გაასაჯაროვოს გარდაცვლილი პროგრამისტისა და “ზეგ”-ის თანამშრომლების მიმოწერა.

“კომპანია „ზეგ”-ის რამდენიმე თანამშრომლის მიმართ ბოლო თვეების განმავლობაში წამოწყებული ბულინგის შესაჩერებლად გაცნობებთ, რომ პროკურატურას ამოღებული აქვს “ზეგ”-ის თანამშრომლებსა და თამუნას შორის არსებული მრავალი მიმოწერა, სადაც ცხადად ჩანს ის ჯანსაღი და მეგობრული ურთიერთობა, რომელსაც ქონდა ადგილი თამუნასა და მის თანამშრომლებს შორის. გამოძიებას მივმართავთ თხოვნით საჯარო გახადოს თამარ ბაჩალიაშვილის მიმოწერები თანამშრომლებთან, რაც სრულად დაადასტურებს ზემოაღნიშნულს” – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

“ზეგ”-ისთვის მიუღებელია მედიის მხრიდან საქმის იმგვარად წარმოჩენა, რომ თითქოს თამარ ბაჩალიაშვილს სამსახურში პრობლემები ჰქონდა და ის რაიმე სახის შევიწროებას, ან უგულებელყოფას განიცდიდა.

„კომპანია „ზეგ”-ის თითოეული თანამშრომელი არაერთხელ იქნა გამოკითხული გამოძიების მიერ, მათ შორის გარდაცვლილთან მათი პირადი ურთიერთობების თაობაზე. გამოძიებას ასევე მიეწოდა თითოეული თანამშრომლის სრული მიმოწერა თამარ ბაჩალიაშვილთან მისი სამსახურში მიღების დღიდან გაუჩინარებამდე. აქვე აღვნიშნავთ, რომ 2020 წლის 18 მარტიდან ოფისი გადავიდა დინსტანციური მუშაობის რეჟიმზე და თამუნა მას შემდეგ არც ერთ თანამშრომელს აღარ უნახავს ფიზიკურად.

კოლეგები თამარ ბაჩალიაშვილს იცნობდნენ, როგორც მშვიდ, გაწონასწორებულ, ხალისიან, მონდომებულ ადამიანს. მისი ნეგატიური დამოკიდებულება თანამშრომელთა მიმართ, რაც გამოქვეყნებულ მასალებშია ასახული, თითოეული ჩვენგანისთვის სრული მოულოდნელობა და უდიდესი დარტყმა იყო, ამან დაგვანახა თამუნას ემოციური მდგომარეობა, რომელიც სამსახურში, თანამშრომლებთან ურთიერთობაში მას არც ერთხელ არ გამოუვლენია.

თამუნას სახელის პატივისცემით, შპს “ზეგ”-ი შეძლებისდაგვარად თავს იკავებდა ზედმეტად ჩართულიყო მიმდინარე მოვლენებში. დღესდღეობით კომპანია ვეღარ ფუნქციონირებს, ამოღებულია სამსახურის თუ პირადი ტექნიკა და დოკუმენტაცია, ამასთან ერთად გავლილი გვაქვს ფინანსური შემოწმება,” საქართველოს ბანკმა” მიზეზგარეშე დაგვიხურა ანგარიში, ვერ ვახერხებთ სხვა ბანკში ანგარიშის გახსნას.

უკვე ორი თვეა ვერ ვუხდით თანამშრომლებს ხელფასებს და გაგვიუქმდა ჩვენს მიერ მოპოვებული კონტრაქტი ამერიკელ პარტნიორებთან. ფაქტიურად 47 ადამიანი დარჩა უმუშევარი. ამ ყველაფერს ემატება ჩვენი კომპანიის მიმართ ყოვლად ამორალური “ბრალდება” ბულინგთან დაკავშირებით, რაც აღარ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ხმა აღარ ამოვიღოთ” – ნათქვამია „ზეგ”-ის განცხადებაში.

იტვირთბა....