„ამ წუთებში, ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები სიტუაციის დეტალურად გაცნობის მიზნით მარნეულში მიემგზავრებიან“, – ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველი ავრცელებს.
ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველადი კომუნიკაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, დაწყებულია გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის მუხლით.
„სახალხო დამცველის აპარატი ყურადღებით აკვირდება მარნეულში მიმდინარე მოვლენებს. ამ წუთებში აპარატის თანამშრომლები სიტუაციის დეტალურად გაცნობის მიზნით ადგილზე მიემგზავრებიან.
ჩვენს ხელთ არსებული პირველადი ინფორმაციით, განხორციელდა ფიზიკური ძალადობა რამდენიმე ადამიანის მიმართ, მათ შორის არის სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე და მედიის წარმომადგენლები (ტელეკომპანია მთავარი, საზოგადოებრივი მაუწყებელი).
ჩვენი პირველადი კომუნიკაციით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, დაწყებულია გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის მუხლით.
იმედს ვიტოვებთ, გამოძიება წარიმართება ოპერატიულად და მოხდება პასუხისმგებელ პირთა სწრაფი იდენტიფიცირება. აღნიშნული მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება საზოგადოებრივი წესრიგისა და არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად“.- ვკითხულობთ ომბუდსმენის განცხადებაში.
ცნობისთვის, მარნეულში ენმ-ისა და „ქართული ოცნების“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, დაშავებული არიან მედიასაშუალებების თანამშრომლები.