ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადება გაავრცელა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრის დროს ნატოსა და საქართველოს შორის შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ახლო თანამშრომლობის საკითხი განიხილეს და ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე იმსჯელეს.
მისი თქმით, საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია.
„ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება და გაიყვანოს საკუთარი ჯარი.
მივესალმებით პროგრესს, რასაც საქართველო რეფორმების განხორციელების კუთხით აღწევს. თქვენმა ქვეყანამ შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისა და დემოკრატიის გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და მოგიწოდებთ, გააგრძელოთ თქვენი ყველა შესაძლებლობის გამოყენება იმისთვის, რომ ნატოს კიდევ უფრო დაუახლოვდეთ და მისი წევრობისთვის მოემზადოთ.
იმედი გვაქვს, რომ საქართველოში არჩევნები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება. ეს მნიშვნელოვანია ნატოსთვის და საქართველოსთვის,“- აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.