თბილისის №28 საჯარო სკოლის დირექტორი გიული ხარხელი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს – კერძოდ, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, დირექტორთა უმრავლესობისგან განსხვავებით, ის მოვალეობის შემსრულებლად არ დანიშნეს, თანაც ისე, რომ აღნიშნულის შესახებ მესამე პირებისგან შეატყობინეს.
როგორც დირექტორის მოვალეობის ამჟამინდელმა შემსრულებელმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, თინა გიორგაძემ „მეტრონომს“ განუცხადა, გიული ხარხელი იყო და არის სასურველი დირექტორი პედაგოგებისთვის, მშობლებისა და ბავშვებისთვისაც, რაც თავიანთი რეაქციითაც დაადასტურეს და მიმართეს განათლების სამინისტროს, რომ სწორედ ის დატოვონ სკოლის დირექტორად, თუმცა სამინისტროსგან პასუხი ჯერ არ მიუღიათ.
თინა გიორგაძე მომხდარს საეჭვოდ მიიჩნევს, რადგან, დირექტორთა გარკვეულ ნაწილს მისცეს მუშაობის უფლება და ნაწილს – არა.
„ჩვენ ვართ ნეიტრალურები და მხოლოდ სკოლაზე ვფიქრობთ. გიული ხარხელს უწევდა გასაუბრების გავლა, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მას კვლავ აირჩევდა სამეურვეო საბჭო, თუმცა ამ ეტაპზე მას ამის საშუალება არ ეძლევა“, – გვითხრა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, რომლის შეფასებითაც, მთავარი პრობლემა ისაა, რომ მშობელთა ნაწილი აპირებს ბავშვები სკოლიდან გადაიყვანოს, იმ შემთხვევაში თუ გიული ხარხელი არ დაბრუნდება თანამდებობაზე.
“ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ მოსწავლეთა სკოლიდან გადინება იყო. ამ დირექტორის პირობებში, ეს პრობლემა მოგვარდა და პირიქით, მაღალ კლასებში ბავშვები გადმოჰყავდათ ჩვენს სკოლაში. ძლივს შევაჩერეთ ეს პროცესი და თუ ისევ დაიძრა, არ ვიცით, რა იქნება“, – განაცხადა თინა გიორგაძემ .
თავად გიული ხარხელმა გვითხრა, რომ მისი გათავისუფლების ფორმა იყო სრულიად მიუღებელი, რადგან თანამდებობის დატოვების შესახებ სატელეფონო ზარით, ამ საკითხში არაუფლებამოსილი პირებისგან გაიგო.
მისივე თქმით, პედკოლექტივს, მოსწავლეებსა და მშობლებს აქვთ მოლოდინი დირექტორის თანამდებობაზე პოლიტიკურად მოტივირებული კადრის დანიშვნის, რაც გამოიწვევს წარსულში დაბრუნებას.
„ესაა ინფრასტრუქტურულად, ფინანსურად და რაც მთავარია, სასწავლო პროცესმოშლილი სკოლა. მოსწავლე სკოლაში არ დადიოდა, არები არ იწერებოდა, სასკოლო გამოცდები არ ტარდებოდა, შესაბამისი ფორმით, არ არსებობდა არაფორმალური განათლება, ადგილობრივ მოსახლეობას არ ჰქონდა სკოლისადმი ნდობა და ამიტომ ხდებოდა ბავშვების გადინება სხვადასხვა სკოლაში.
ჩვენი პედკოლექტივის, მომსახურე პერსონალის, ადგილობრივი მშობლების, მეცენატების, ასევე, ვერ უარვყოფ, სახელმწიფოს დახმარებით მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, შეიქმნა ბიბლიოთეკა, აღდგა სასწავლო პროცესი. ფონდი ,,ახალი სიცოცხლის’’ დახმარებით წარჩინებულ და შეჭირვებულ ბავშვებს დაენიშნათ სტიპენდია, რამაც დიდი სტიმული მისცა მოსწავლეებს. მოკლედ, დიდი მეცადინეობისა და შრომის ფასად სკოლა სკოლას დაემსგავსა“, – გვითხრა დირექტორმა, რომელმაც აღნიშნა, რომ შეინიშნება სკეპტიკური განწყობა, მშობლები საუბრობენ ბავშვებს შეუცვალონ სკოლა.
რაც შეეხება მოსწავლეთა და მშობელთა განწყობას, ერთ-ერთმა მოსწავლემ გვითხრა, რომ სკოლისადმი გაწეული ღვაწლიდან გამომდინარე, ქალბატონი გიული დირექტორობის ერთადერთ ღირსეულ კანდიდატად ევლინებათ, რადგან 2014 წლიდან დღემდე, საფუძველი ეყრებოდა სკოლის როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე თანამედროვე სტანდარტების შესაბამის განვითარებას.
„მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, აღმოიფხვრა სკოლის ინფრასტრუქტურული პრობლემები, საგრძნობლად გაუმჯობესდა სკოლის სველი წერტილისა და შემდგომში სპორტდარბაზის მდგომარეობა, ნულოვან ბაზაზე დაარსდა ბიბლიოთეკა, ხოლო შენობა შშმ მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული გახდა, ყველაფერი ზემოთხსენებული კი წინა წლების სურათთან შედარებით მკაფიო კონტრასტს ქმნის, რაც მის საქმიანობას ჩვენთვის მეტად დასაფასებელს ხდის. ქალბატონი გიულის ხელშეწყობით სკოლის ბაზაზე ბევრი კარგი რამ დაინერგა: ფუნქციონირება დაიწყო არაერთმა კლუბმა. მკვეთრად გაიზარდა ჩვენთვის ხელმისაწვდომი სხვადასხვა კონკურსებისა და ღონისძიებების და მათში ჩართული მოსწავლეების რიცხვი. განურჩევლად თითოეული ბავშვის მიმართ გამოჩენილი მისი ყურადღების, სითბოს, მზრუნველობისა და სიყვარულის წყალობით სკოლის გარემო მეგობრული, თბილი, უსაფრთხო და ბავშვზე ორიენტირებული გახდა, რამაც ხელი შეუწყო როგორც ჩვენი მოტივაციისა და აკადემიური მოსწრების ამაღლებას, ასევე განვითარებაზე ორიენტირებული სწავლების მოდელის დანერგვასა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდის საშუალებით სასკოლო ცხოვრებაში ჩვენს აქტიურ ჩართულობას. მოსახლეობის მენტალიტეტში მისი სამართლიანი გადაწყვეტილებების ხარჯზე მომხდარი სასიკეთო ცვლილებებიდან გამომდინარე, შეწყდა სკოლიდან მოსწავლეების გადინება. ამასთან ერთად, მიუხედავად მიღწევათა რიცხვის სიუხვისა, არასოდეს ილევა მისი ამბიცია და შესაბამისი ენერგია წინსვლისაკენ“, – გვითხრა მოსწავლემ, რომელიც შიშობს, რომ
თბილისის N28 საჯარო სკოლის უკანასკნელ წლებში მიმდინარე პროგრესი საპირისპირო მიმართულებას შეიძენს ერთადერთი ღირსეული ხელმძღვანელის თანამდებობიდან მოხსნის შემთხვევაში, რაც სასკოლო გარემოში არსებულ წესრიგსა და ურთიერთჰარმონიას სტრესითა და არეულობით ჩაანაცვლებს, რასაც ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიერ შექმნილი არაერთი პრობლემაც ემატება.
„მთელი იმ ღვაწლის, თავდადების, მზრუნველობისა და სიყვარულის გამო, რომელიც დირექტორს ჩვენი სკოლისა და მისი მოსწავლეების მიმართ გამოუჩენია, ჩვენში სიახლემ დიდი გულისტკივილი აღძრა, რისი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომდე მიტანაც მოსწავლეების ხელმონაწერი განცხადების საშუალებით ვცადეთ, მაგრამ დროში გაწელილი უკუკავშირის მიღებამდე ისღა დაგვრჩენია, ვიმედოვნოთ, რომ ქალბატონ გიულის არ შეეშლება ხელი, ჩვენს სასიკეთოდ მიმართული გეგმების საშუალებით, მომავალშიც განაგრძოს ჩვენი სკოლის განვითარებისაკენ მიმართული საქმიანობა“, – გვითხრა მოსაწავლემ.
საჯარო სკოლების დირექტორების უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, მინისტრი აწერს ხელს უფლებამოსილების შეწყვეტის ბრძანებას, რის შემდეგაც სკოლების სამეურვეო საბჭოებს ხელახლა წარედგინებათ დირექტორობის მსურველი კანდიდატები. პანდემიის გამო, დირექტორობის უფლების მიღების მსურველთა კონკურსი არ ჩატარებულა და ცნობილიც არაა, როდის იგეგმება კონკურსის ჩატარება.
თამთა ქარქაშაძე