თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებია. თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ თანამდებობებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე და ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი დატოვებენ.
“ორი საკადრო ცვლილება განხორციელდება. პირველი ეხება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელ გიორგი არეშიძეს, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ ინტენსიურად იმუშავა დედაქალაქის მერიაში, ისევე როგორც ჩემს საარჩევნო კამპანიაში და 24-საათიან რეჟიმში გვერდში მედგა“ – განაცხადა დავით ნარმანიამ და დასძინა, რომ ეს თავად არეშიძის გადაწყვეტილებაა და მის კერძო სექტორში გადასვლას უკავშირდება.
შეგახსენებთ, ერთი წლის წინ გიორგი არეშიძის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნას მერიაში დიდი ხმაური მოჰყვა. გიორგი არეშიძე ენერგეტიკის მინისტრის მეუღლის, ანუკი არეშიძის ძმაა და მერიაში მისი დანიშვნა ნეპოტიზმად შეაფასეს.