“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ კრიტიკა უკავშირდება ფორმალურად დაწყებულ გამოძიებებს, რომელსაც დასასრული არ აქვს და არა იმ ფაქტს, რომ უწყება გამოძიებას არ იწყებს”, – აღნიშნული განცხადებით ეკა ბესელიამ “პალიტრანიუსის” გადაცემა”ნიუსრუმში” შსს-ს მინისტრის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ მისი უწყება წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ყველა დარღვევაზე რეაგირებს.
როგორც ბესელიამ გადაცემაში სტუმრობისას განმარტა, ამომრჩევლებზე ზეწოლისა და სხვა ძალადობრივ ფაქტებზე პასუხისმგებელი პირების ვინაობა ცნობილი არ არის.
„ყველაზე კრიტიკული ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაში არის, როდესაც ეს ეხება არა გამოძიების დაწყების ფაქტებს, არამედ იმას, რომ ეს გამოძიება ფორმალურად იწყება, მაგრამ დასასრული არ უჩანს ხოლმე და ფინალური ეტაპი არავინ არ იცის, როგორც სრულდება, მათ შორის, ის გამოძიებები, რომლებიც ძალადობრივ ფაქტებზე არის დაწყებული. ამიტომ პრეტენზია მიმართულია არა იმაზე,თუ გამოძიება რატომ არ დაიწყო, რადგან ხშირ შემთხვევაში იწყება ხოლმე მართლაც, არამედ იმაზე, რომ შედეგი არ ჩანს. არ ვიცით, მაგალითად, ბოლო პერიოდში ძალადობრივ ფაქტებზე, ამომრჩეველზე ზეწოლაზე, ზემოქმედების სხვადასხვა ფორმების გამოყენებზე ვინ არის პასუხისმგებელი. ამიტომ ამაზეა ძირითადად პრეტენზიები მიმართული, მათ შორის, იმ საქმეებზე, რომლებიც მინისტრს გამოუძიებელი საქმეების სახით აქვს,“ – აღნიშნა ეკა ბესელიამ.