შინაგა საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში კრიმინალის დონე შემცირებულია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ეხმაურება.
ბურჯანაძის განცხადებით, მაშინ, როდესაც შაქარაშვილის, ბაჩალიაშვილის ტრაგედია მოხდა და ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლომდე არც ერთი საქმე არ არის მიყვანილი, დამნაშავე არ არის დასჯილი, მინისტრი გვეუბნება, რომ კრიმინალმა არ მოიმატა?
„მაშინ, როდესაც ჩვენ გვესმის, რა ხდება ჩვენს ახალგაზრდებთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც ძალიან კარგად გვახსოვს, რა მოხდა სარალიძის უბედურებასთან დაკავშირებით გამოძიების დროს, მაშინ, როდესაც დღემდე არ არის გამოძიებული მაჩალიკაშვილის უბედურება, მაშინ, როდესაც შაქარაშვილის ტრაგედია მოხდა, როცა ბაჩალიაშვილის ტრაგედია მოხდა და რომ არა მედია, ალბათ, საზოგადოებას არც კი გვეცოდინებოდა ამ უბედურებების შესახებ და ვხედავთ, რომ ბოლომდე არც ერთი საქმე არ არის მიყვანილი და დამნაშავე არ არის დასჯილი, თქვენ გვეუბნებით, რომ კრიმინალმა არ მოიმატა?
როდესაც ქურდობა, ყაჩაღობა მომატებულია, თქვენ გვეუბნებით, რომ კრიმინალმა არ მოიმატა? თუ ცრუობთ ცუდია, თუ არ ცრუობთ და ასე გგონიათ, მაშინ, ბატონო მინისტრო, არაინფორმირებული ბრძანდებით! ის, რაც საქართველოში დღეს ხდება, არის იმის შედეგი, რომ თქვენმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ხალხი მოატყუა და არ არის საქართველოში ის მდგომარეობა, რასაც ბიძინა ივანიშვილი გვპირდებოდა,’განაცხადა ბურჯანაძემ.
ამასთან როგორც მან მედიასთან აღნიშნა, ქვეყანაშ წინასაარჩევნო პერიოდია და ახლა მთევლი ევროპა დაგეგმილ არჩევნებს აკვირდება.
“ახლა მთელი ევროპა გვიყურებს, როგორ ვდგამთ ნაბიჯებს უკან იმ არც თუ დიდ წარმატებებთან შეადარებით, რაც მეტ-ნაკლებად ამ ქვეყანას 30 წლის განმავლობაში ჰქონდა,“- განაცხადა “ერთიანი საქართველოს ლიდერმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს, მაშინ, როდესაც ციხეებში სამჯერ მეტი ადამიანი იჯდა, 3-ჯერ მეტი დანაშაული ხდებოდა. როგორც მინისტრი აცხადებს, „არჩევნებია და ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ კრიმინალმა მოიმატა“.