“ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება წინასაარჩევნო გარემოს და იმ ინფორმაციას, რომელიც არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკოსების მხრიდან ისმის”, – ამის შესახებ განცხადება საქართველში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გააკეთა.
ევროკავშირის ელჩმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნოდ პარტიებმა “ქცევის კოდექსს” ხელი მოაწერეს.
“ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რა ხდება წინასაარჩევნო სიტუაციასთან დაკავშირებით და ყურადღებით ვეცნობით იმ ინფორმაციას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის მხრიდან ისმის. ასევე ხელისუფლებასთანაც ვთანამშრომლობთ. ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რა ხდება ამ სფეროში. ძალიან კარგი იყო, როდესაც საარჩევნო კოდექსში ცვლილება შევიდა და ასევე პარტიებმა ხელი მოაწერეს “ეთიკის კოდექსს”. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, თუ როგორ წარიმართება ეს არჩევნები”, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, წინასაარჩევნოდ დაფიქსირდა ძალისმიერი ანგარიშსწორების ფაქტები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ასევე ისმის ინფორმაცია პირადი ცხოვრების გამოყენების შესახებ პირების დაშინების და შანტაჟის თაობაზე.