სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებას, რომ წინა წლების პრაქტიკით წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებისთვის პრაქტიკულად არავის უგია პასუხი, შსს ეხამურება.
განცხადებას „მეტრონომი“ უცვლელად გთავაზობთ:
„არჩევნების პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა.
შს სამინისტრო ბოლო წლების მანძილზე უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება აღნიშნულ ამოცანას და მყისიერ სამართლებრივ რეაგირებას ახდენდა კომპეტენციას მიკუთვნებულ თითოეულ ინციდენტზე.
სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა ყველა შესაძლო ინციდენტი, როგორც უბანზე, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დროულად ყოფილიყო აღკვეთილი.
გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დგებოდა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა. ბრალდებულთა შორის იყვნენ როგორც ოპოზიციური, ასევე, მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები.
მაგალითისთვის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, პირველი და მეორე ტურების განმავლობაში და შემდგომ პერიოდში, გამოძიება დაიწყო 70-ზე მეტ სისხლის სამართლის საქმეზე, საიდანაც სისხლისსამართლებრივი პასუხისგებლობა დაეკისრა 27 პირს.
სამინისტროს ქმედებების შესახებ ინფორმაცია რეგულარულად ვრცელდებოდა, როგორც საჯაროდ, ისე საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან უშუალო კომუნიკაციის გზით.
არჩევნების დროს ძალადობის კლებასა და პოლიციის ეფექტიანი მუშაობის შესახებ მკაფიო ჩანაწერები გვხვდება ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებშიც.
ამასთან, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული/დაგეგმილი ღონისძიების შესახებ.
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 26 აგვისტოს №129 ბრძანების საფუძველზე ცვლილება შევიდა „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში და განახლებული რედაქციით დამტკიცდა საარჩევნო პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, რომელიც წარმოადგენს ნორმატიული ხასიათის დოკუმენტს და სავალდებულოა შესასრულებლად სამინისტროს სისტემის ყველა მოსამსახურისათვის.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია სრულ შესაბამისობაშია საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან და აწესრიგებს ისეთ საკითხებს როგორიცაა:
– აკრძალვები წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას;
– საარჩევნო პერიოდში დადგენილი შეზღუდვები;
– სამინისტროს მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები;
– სამინისტროს მიერ პოლიტიკური ნეიტრალობის უზრუნველყოფა;
– სამინისტროს მიერ კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა და ცალკეული პასუხისმგებლობა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის.
- „სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის“ უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვის შინაარსი, რაც გულისხმობს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერი პირისათვის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტების მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში სამინისტროს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვას, მათ შორის, აიკრძალა სამინისტროს კუთვნილი ადმინისტრაციული შენობების, საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება.
მოქმედ ინსტრუქციას დაემატა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, აიკრძალა სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების (მათ შორის, ელფოსტა), საინფორმაციო მომსახურებისა (მათ შორის, ოფიციალური ვებგვერდი ან/და ბიუჯეტის სახსრებით ადმინისტრირებული სოციალური მედია) და სხვადასხვა სახის ტექნიკის (მათ შორის, ზემოხსენებული საკომუნიკაციო საშუალებებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენების გზით პირად სოციალურ ქსელებში წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ნიშნების შემცველი ინფორმაციის განთავსება) გამოყენება.
- 2020 წლის 18 სექტემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად ზოგიერთი ღონისძიების მომწესრიგებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ბრძანების თანახმად, ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედი შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფები, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას და უშუალოდ არჩევნების დღეს, თავიანთ სამოქმედო არეალში, სამართალდარღვევათა პრევენციას და მათზე დროულ რეაგირებას უზრუნველყოფენ. გარდა ამისა, ბრძანება ყველა პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს.
არსებული ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტთან კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგად, შემუშავდა არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების ხელშეწყობისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის, რომელიც ასევე ასახულია მინისტრის ბრძანებაში.
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში წინასაარჩევნოდ დაგეგმილია სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და სხვა საპოლიციო ქვედანაყოფების მოსამსახურეების (გადამზადდება 4000-ზე მეტი მოსამსახურე) გადამზადება, რაც მიზნად ისახავს პოლიციელთა კვალიფიკაციის ამაღლებას საარჩევნო კანონმდებლობის მიმართულებით და ხელს შეუწყობს მათზე დაკისრებული მოვალეობის ეფექტიანად განხორციელებას. ტრენინგის ფარგლებში მსმენელები გაეცნობიან საარჩევნო კანონმდებლობას, საპოლიციო ღონისძიებებს არჩევნების პროცესში, რეკომენდაციებს კონფლიქტის განმუხტვის შესახებ და პოლიციის რეაგირების მექანიზმებს არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ სამართალდარღვევებზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება, მოწოდებულია უზრუნველყოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარება და ამ მიმართულებით გამოთქვამს მზაობას ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან“. – აცხადებენ უწყებაში.