ვანი, სამტრედია და ხონი ეჭვიანობს, რომ წყალტუბო უფრო მიყვარს – ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატმა ნანუკა ჟორჟოლიანმა “TV პირველთან” საუბრისას განაცხადა.
როგორც ჟორჟოლიანმა აღნიშნა, 20 დღეში 169 სოფელში უნდა ჩავიდეს.
„რთულია ხალხო! ვანი, სამტრედია და ხონი ეჭვიანობს, რომ წყალტუბო უფრო მიყვარს. არა ასეც არის, მე იქ დავიბადე და 12 წლამდე იქ გავიზარდე, მოკლედ ძაან დიდი სამუშაო მაქვს ჩასატარებელი, რომ ისინი დავარწმუნო და მათი გულების მოპოვება შევძლო.
169 სოფელში უნდა ჩავიდე 20 დღეში, და უნდა მივიდე იმ ადამიანებთან, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს და არ გადაუწყვიტავთ. განა იმიტომ რომ ჩემი ამომრჩეველი არ მიყვარს, ჩემი ამომრჩეველი ისედაც ჩემს გვერდითაა.
„ქართული ოცნებაა“ იქნება ჩემი მთავარი კონკურენტი. ბატონი გივი ჭიჭინაძე, ამ შემთხვევაში, ძალიან საყვარელი ადამიანი, რომელიც არაჩვეულებრივად მღერის.
ძალიან კეთილი და საყვარელი ადამიანია, ყველა ასე ახასიათებს და ის ძალიან უყვართ. შესაბამისად, მე გამიმართლა რომ ღირსეული კონკურენტი მყავს,“- განაცხადა ჟორჟოლიანმა.
ცნობისთვის, ნანუკა ჟორჟოლიანი სამტრედიის, წყალტუბოს, ხონისა და ვანის ოლქში “ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.